მიხეილ გოგუაძე - ფორუმი

GEORGIAN MODERN POETRY & ART

შაბათი, 10.12.2016, 7:56:42 AM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | მიხეილ გოგუაძე - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმი » Art Forum » პოეზია » მიხეილ გოგუაძე
მიხეილ გოგუაძე
KAXAთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 10:25:02 PM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ჩემი აზრით, საუკეთესო და უძლიერესი ქართველი ვერლიბრიკოსი.

 
KAXAთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 10:32:52 PM | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ლექსები

(როცა უკუნი ჩამიკრავს ეულს...)

როცა უკუნი ჩამიკრავს ეულს,
ბნელში ინთქმები ოთხი კედელი,
მე ვაქანდაკებ შენს ნატიფ სხეულს,
ჩემი წამწამის, ღვთის საჭრეთელით.

ანგელოზი

ვუძღვნი ჩემს მეუღლეს,
რუსუდან ბელეცკაიას.

ერთხელ ზმანებით გადავლახე დროის სამანი;
წყვდიადმა შთანთქა დედამიწის ლურჯი სავანე,
ჩემ ანგელოზმა შემისვა ფრთებზე,
მაღლა, ზეცაში რომ წავეყვანე.
...უცებ, გაისმა განწირულთ კვნესა, კვნესა მოკვდავთა,
ახლა ჩემს ირგვლივ შეხუთული სივრცე ბორგავდა.
როს მოკვდავთ კვნესას შეუერთდა მოზარეთ გუნდი,
აღშფოთებული ჩემს ანგელოზს მყის მივუბრუნდი:
,, _ განა არ გესმის?” (მას არ ჰქონდა იოტის განცდა).
მშვიდად მომიგო:
,, _ მესმის მხოლოდ ვედრება კაცთა”.
მსწრაფლ მიკარნახა საპასუხოდ სიტყვები გულმა,
რაც მერე მთელი ხმით ამოვთქვი შეძრწუნებულმა:
,, _ რომ მქონებოდა სამყაროში ამის შეძლება,
ჩემი ცრემლებით წავლეკავდი ქვეყნიერებას...”
როცა მე უკვე გულს მიწვავდა ცრემლები მწველი,
ჩემ ანგელოზმა მხოლოდ მაშინ შემიშვა ხელი...
რაც გავიფიქრე, სამუდამოდ მემახსოვრება:
,, _ ჩემში დიდია სიყვარული ადამიანის
იმისათვის, რომ მე შევიძლო ცაში ცხოვრება”.

1992 წ.

დედას

გამთენიისას,
როცა შეგეხსნა დედამიწის
მძიმე საბელი,
ღია სარკმელთან,
ალუბლის ხის მწვანე ფოთლებში,
პაწია ჩიტმა შეიფრთხიალა.

ლურჯი სარკე

მზე, ზოგჯერ, როცა ცის ლურჯ სარკეს ააელვარებს,
ქნარს ააჟღერებს მწველ თითებით მეუფე ქნართა,
საკნის დარაბებს გამოაღებს გული მღელვარე,
ლურჯ სარკეში მაქვს პაემანი საკუთარ თავთან;
ცის სარკეს ველტვი სხეულისგან თავისუფალი
და მხოლოდ მაშინ
და მხოლოდ მაშინ
ლაპარაკობს ჩემთან უფალი.

მაცხოვარი

როცა მაღალ მზეს ოცდამეათედ შემოვუარე,
მაშინ გიხილე დამწუხრებული, სახით მდუმარე, -
მაშინ, გვემული სხეული შენი სულს მთლად მინებდა,
ვარსკვლავთა გუნდი სიცივით სითბოს გინაწილებდა
და მეც მათ შორის საუკუნოდ ვპოვე ნუგეში,
ისე შევცურდი მარადისობის სიმსუბუქეში.

 
KAXAთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 10:36:15 PM | შეტყობინება # 3
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
პოემები


კაცთა ნაკრძალი

ქარავანი ვარსკვლავებისა
ზანზალაკების
წკრიალით კვეთს
ზეცის უდაბნოს...
ბრძენთ
თავსატეხად
გატყორცნილი
ფერფლის
გუნდა
დედამიწისა
უმეცართ ართობს...
ზეკაცთა ძვლებით
შემოკავებულ
კაცთა ნაკრძალში
გაოგნებული მზე
დაჰყურებს
სილის საათს
უდაბნოისას.
სულის წუხილით
აღმოხდება
სიცოცხლის დონორს:
,,ნუთუ ამაოდ იწირება
ჩემი სხეული?!”
ჭეშმარიტების
ექსპერტიზაზე
გულაღმა წვანან
გაფატრული საუკუნენი...

* * *
გარდასულთ საფლავს
დამხობია
სიზიფეს
ლოდი;
გარდასულთათვის
ეს სამყარო
დაიხუფა
სამარადისოდ,
თვისი
სიცოცხლით
აგვამაღლეს
ჟამთა პლატოზე,
მათ ნაკვალევზე
მივაბიჯებთ
ცოცხალი
ჯვრები...

* * *
როს
წარსულის
კვართს
შემოიძარცვავს
აღგზნებული მეხსიერება,
ჩვენი ბავშვობა,
გაუხედნავი
ურა კვიცი
ჭიხვინით მოსდევს
ჩვენს ნაფეხურებს,
აწმყოს ლასო
კისერს უძაგრავს...
ჟამიერების თუთიყუში
დროის ნაბიჯებს
ხმამაღლა გვითვლის,
ვისმა შეცნობამც
ჩვენს არსებობას
დაუდო ზღვარი...
მაგრამ გრძელდება
ესტაფეტა
დიდი სიცოცხლის...
სიდიადის მახვილით
მოსჭერ
შენში წაზრდილი
მტაცებლის
ბრჭყალი,
სიხარბე ქვესკნელს
გადაუძახე, _
ბალასტი სულის;
დე, შენი სისხლიც
განწმენდილი
შეუერთდეს
დაუსრულებელ
ესტაფეტას
ზეკაცთა სისხლის.

* * *
დასაბამიდან მოუსვენრობენ
თვალები
ტვინზე ამონაყარი,
იდუმალებას აფურცლავენ,
ხედნიან საგნებს...
რაც კი
და
ვინც კი
თავხედობით
თუ მოკრძალებით
გადმოლახავს
ჩემი გონების
ანთებულ სარკმლებს,
უფრო
და
უფრო
განამტკიცებს
ჩემს არსებობას...
მიწაში მყოფიც
მნათობთა
ქარებს
მოშრიალე
მწვანე ეკვდრით
ზეავყვები (ფესვებიდან
კენწეროსაკენ),
გაღწეული
ლაბირინთებს მიწიერების
შევერწყმი სივრცეს,
სად
ბრუ დაესხმის
ბნელეთის მუდოს,
სად
სხეულები გაბერწებულნი
ჩრდილს
ვეღარ შობენ,
იქ სხვაგვარია
უხილავი დაბადება _
გარდაცვალება;
ზესკნელიდან
არარად მოსჩანს
მიცვალებულთა
ნეშტის
ტრიუმფით მიცილება
სასაფლაომდე...

* * *
ტანს მეგრაგნება
ცხელი მზე
ჟინით,
ცხელი
სისხლი
ძარღვებში
დაძრწის...
რომ
გადავლახო
ჩემი სხეული _
სანგარი ღვთისა,
აისბერგი თავგანწირული,
მარადისობის ოკეანეში
დიდი სიცოცხლის
ესტაფეტაზე
ყოფნით
_ არყოფნის დინებით
მივალ,
საკუთარ თავს
გაქცეული,
ვისადგურებ
უფლის წიაღში,
სად ჰომეროსი
შემკრთალ მზეს
უმზერს,
ჯორდანოს ფერფლი
ხარხარებს ალზე,
ყრუ ბეთჰოვენი
მზის სუნთქვას
ისმენს...

* * *
მზის მკლავებში
გათანგული
დედამიწა
ვნებით ცახცახებს,
ფერად სიზმრებში
შორ პლანეტებზე
აძიძავებს
საყვარელ პირმშოთ
(აბა რა არის მჭლე
სამყარო
კაცის გარეშე?)

* * *
ზესკნელს აწყდება
კაცი-ფრინველი,
უფრთოდ შობილი
ქვესკნელს მიბობღავს.
ჭრელი ჭუპრი
ნათელ გონების
განსხეულებულ აზრში
ფუთფუთებს...
დე, მარად გვქონდეს
(დასაბამიდან სიკვდილმისჯილთ)
გამბედაობა,
რომ
უსაზღვრო
სამყაროში
უმცირეს ალაგს
შეხიზნულებმა
გზა გავიკვლიოთ
ჭეშმარიტების
დიად ქაოსში...

1976 წ.

 
KAXAთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 11:17:14 PM | შეტყობინება # 4
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
სფინქსი

ღმერთი: ... და შევქმენი შემქმნელი
ჩემი, ადამიანი _ სამყაროს სფინქსი.

ა ვ ტ ო რ ი

უზარმაზარ
კვერცხის გულს
დაუპყრია ზეცა,
მიწაზე
ვეება ნაჭუჭები
მოჩანან _
მეჩეთთა
თეთრად
მოელვარე
გუმბათები;
გუმბათებს
სასოებით შეყუჟვია
დაბანგული უჯვარო აღმოსავლეთი...
მზის ქურაში
გამომწვარი პირამიდები
შეუპოვრად ერკინებიან
მარადისობას...
ხურვებაშეპყრობილი
მეჩეთი _
უსაზღვროების კლანჭებში
გათანგული
ჟამთაღმრიცხველი _
ცხელ სარეცელზე
ასვენია...
გაფიცხებული კედლების
ფიჭა ისრუტავს
მნათობს,
მინარეთებზე
ჰკივიან
ფერები,
უსიერ სივრცეს
სძრავს
კედლიდან ასხლეტილი
ექო,
საუკუნეთა
აღგზნებული
მირაჟი
როკვა
და
ღაღადისი...

* * *
დამძიმებულ,
ცხელ
ქუთუთოებიდან
მომჩერებია
გულთამხილავი
აღმოსავლეთი,
დედალ _ მამალი
გველები
იცქირებიან სოროებიდან,
გაისმის ბაიათი
თარზე _ რექვიემი
წარსულისა.
ფარაონები
გულდინჯად მარცვლავენ
ხარბთა თვალთაგან
ასხმულ კრიალოსანს,
ღვთის ტაფაზე
მოხალული ადამიანები
ცხელ სილაში
ჩაჩოქილან,
ზეცისაკენ აღუპყრიათ
გამხმარი,
შავი ხელები,
თაყვანს სცემენ
მიწას,
რომელსაც
სისხლის სუნი
უდის...

* * *…
ჩემი ლანდი
აკლდამაში შესვლისთანავე
მოჰხარა გუმბათმა,
მხოლოდ
მბჟუტავი სანთლები
მივალალებენ სიბნელეში,
მზე
გავარვარებულ
მჯიღებს უშენს
სიკვდილის სადგომს _
აკლდამის კედლებს;
ჩამოღვენთილ
სანთლების სუნში
სიკვდილის ამბორს
ვგრძნობ _
სიცოცხლეს მოწყურებული
ადამის ჩონჩხი
ჩემს ლანდს
ეკვრის...
ადამის ნეკნი
თეთრად აენთო,
დედიშობილა
ევად განსხეულდა,
შიშველი ევა
თმებჩამოშლილი
კირკეს ღიმილით
მომჩერებია,
ჩემს ძარღვებში
გამაყრუებლად
გუგუნებს
სისხლად
გამომწყვდეული
მატერია...

* * *
ცოდვებით დატვირთული
დედამიწა _
ბებერი ჯამბაზი,
მხრებზე შესმული
სიცოცხლით,
მარადისობის
ბეწვის ხიდზე
მიიდრიკება...
დაბინდულ
ცის
წიაღში
ისევ ელვარებს
მარიხის
სისხლიანი მანტია...
თანდათან იკვეთება
ცაზე
სისხლიანი ხელის
დაღი,
კაცთა ალისფერი
მირონით
ინათლება მიწა;
მეჩეთზე იბზარება
ნახევარმთვარე,
იმსხვრევა
საუკუნეთა ნააზრევი,
ფიქრის
ყვითელი მტვერი
ეფინება
სიცოცხლის
ნატერფალს...

* * *
ავი ზრახვით
ბობოქრობს
ინტელექტი,
მძიმე ქაოსით
ავადდება
ყოფიერება,
იგი _
უძღები შვილი,
ხახადაღებული,
ბასრი კლანჭებით
წვდა
მზეს,
ძუძუგაფატრული
სიცოცხლის ქურუმი
გულაღმა ეცემა
უდაბნოს სილაში...
ფეხქვეშ ეცლებათ
ქარავნებს
ატორტმანებული
ბარქანები,
დედამიწაზე
გადაფოფრილი
ლითონის სიკვდილი
ხმამაღლა ჰყივის,
ცაზე
დენთით შემურული
შიშველი ევა
ცახცახებს...
თავაწყვეტილი
ცეცხლი
გაჩენას ზეიმობს,
დამწვარ ეთერში
რკინისფრთებიანი
ანგელოზები
წივიან...
ალმოდებულ
სარკოფაგებში
ქუთუთოებჩამოხეული
მუმიები
ყვირილით სძრავენ
უსაზღვროებას...
შეტრუსული ხეები
იესოსავით დგანან...
გამაყრუებლად
გაისმის
ლითონის ჟღარუნი _
სამყაროს არითმია,
ჩახლეჩილი ხმა
ადამისა _
,,ენოლა გეი!”
,,ენოლა გეი!” _
ვერცხლისფერი მტვერი
ღრღნის
თავის ქალას.
დედამიწიდან
გადახვეწილი წყალი
აცრემლებს სივრცეებს...
უჰაეროდ დაობლებული
ფილტვები
უხმაუროდ ჭკნება...
ორთქლდება სისხლი
წვიმის ღრუბლებად,
რათა აღზევდეს
სიკეთის თესლი,
სხეულის ფერფლი
ცახცახით ელტვის
წინაპართ ვარდნარს,
ყოფიერების
ხარბი თვალები
ცივ ნეშტით ძღება,
იავარქმნილ ნასახლარზე
სირცხვილი მიხაკებად
ელვარებს,
ღრუბლებისაგან
სუდარას ბლანდავს
სიკვდილის თერძი,
სულთმობრძავი
მნათობი
თვალებგახელილი
ეხვევა
თალხ სუდარაში,
მზე ჩაესვენა
აქლემის კუზში.

* * *
ცად ატყორცნილ
ტაძრის გუმბათზე
ევას
გალეული სილუეტი
ჯვარად თრთის,
ტაძრის კედლებში
წინაპართა
სისხლის გუგუნს
ცით გარდმოხსნილი
ევას გვემული
სული შეხიზვნია.
სიკვდილი
ფასკუნჯის პროფილით
აღრენილი ტოვებს
ათრთოლებულ
სივრცეს.
სიცოცხლის ქარიშხალმა
სუდარა შემოაფხრიწა
ჯვარცმულ მნათობს,
გაშიშვლებული მნათობი
ტაძრის სარკმელში
შეიჭრა,
სანთლები აანთო
და
თავზე
ჯიღად დაადგა
იესოს,
კედლებიდან ფრესკები
კუშტად იმზირებიან,
თავზე
ფერთა შარავანდედი
ადგათ,
შვიდ ფერად
დაშლილა
ნათელი სოფლისა,
ევა
ამაოდ ლამობს
აღადგინოს
ნათელი სოფლისა,
საშოში
არ ერთდებიან
ფერები...

* * *
ცეცხლოვანი ობობა
სინათლის ბადეში
ცრის წყვდიადს,
სიცოცხლის მორევში
ჩათრეული დედამიწა
დაცხრილულ
მანდილს
თავდავიწყებით
მიაფრიალებს,
უხილავი ხელებით
გვმფარველობს,
მის ბალავარში
დატანებული
წინაპართა
ცხელი
გულები
თუთქავენ
მიწას,
ვულკანებად იფრქვევიან,
სამარადისოდ განისვენებენ
დაქანცული ძვლები _
ყავარჯნები ხორცისა...

* * *
უსიერების ტაძარში
მარადისობის კელაპტრები
გიზგიზებენ,
დაურვებულ მთვარეზე
ადამის
აღგზნებული
სილუეტი ტოკავს,
მისი ნაშიერი
დანაღმულ
სივრცეს
ჯიქურ მიაპობს,
რათა გაექცეს
ვიწრო საფლავს,
კაცი _
გიგანტი
მარადისობის
კვარცხლბეკზე
დგება...

* * *
ბუნება ტკბება
ჩვენს თვალებში
საკუთარი
სიშიშვლის ხილვით _
დროდადრო იცვლის
სიკვდილის პერანგს,
არყოფნის ნაშიერი _
კუზიანი სასაფლაო
სულწასული
ელის ულუფას,
კაცის ხსოვნაში
პირველი კუბო
შავად ელვარებს,
ბალდახინები
ბასრავენ გუგებს,
კუბოში გარინდული
სიცოცხლის
ცივი ყალიბი
მშვიდად ტოვებს
გაფითრებულ
სივრცეებს,
მდუმარე
ვარსკვლავთ
შეხიზვნია
უდრეკი სული...

* * *
გახელებული,
კბილებით ვფატრავ
მზის საშოს,
მსურს ვამცნო
იმათ,
ვინც
ამ ქვეყნად
ჯერ არ მოსულა,
თვალთმაქცობა
დედაბუნების,
აღარ იხილონ
საშო,
სადაც
ასე ვცოდვილობთ;
ჩემსკენ მოიწევს
მზით სავსე
მკერდი,
ამ ქვეყნად
ჯერ
არ მოსულთ
რომ
მიწის სურნელით
აფორიაქებს;
მონუსხული
მივჩერებივარ
ვარდისფერ კერტებს,
სული ყივის
ყოფნას სამყაროში,
ჩემი თავის
ქალაში
გამომწყვდეული
გული
ღამურასავით
ფართხალებს...
,,უნდა ჩაისახოს!” _
მბრძანებლობს
სამყარო,
თრთის
ევას მკერდი,
ქვეყნად მომსვლელნი
სრულქმნას ელიან _
,,უნდა ჩაისახოს!” _
თრთიან სხეულს
ნატრულნი...
შიშველ ტანზე
მეკვრის
ევას
დედიშობილა
სხეული,
ჩანასახი
განგების ნებით
ქმნის
საკუთარ სხეულს...

* * *
ღელავს
დედამიწა,
გაქვავებულ
ტალღებზე
დროდადრო მოისმის
მსრბოლავი
ქარიშხალას _
მშობიარე
ევას
კივილი,
ზეცად ატყორცნილ,
თეთრ სალოცავში,
გაისმის საგალობელი,
გარდასულთა სულები
ჰანგებად თრთიან,
ჩვენს გვამებში
დაბუდებულ
სიკვდილს ავიწროებენ,
ქვეყნად მომსვლელნი
მშობიარე ევას
მიჩერებიან:
,,ნეტავ რომელნი განვსხეულდებით?”

* * *
სიცოცხლის გარსში
თეთრი კუბო
მშვიდად მოცურავს,
კუბოში
ჩვილი
ხმამაღლა ტირის,
სიკვდილით
შეწყვეტილი
ფიქრი
კვლავ ღზევდება
ცოცხალ
თავის ქალაში,
თეთრად ჩაცმულნი
საგალობლით
მოაცილებენ,
ყვავილებადქცეული ანგელოზები
უღიმიან
ევას ნაშიერს;
მშვიდდება ჩვილი,
იგი
ხარბად სწოვს
მზეს _
ცეცხლის
ძუძუს,
სპეკის დანით
ყელგამოღადრული
ცხრა ქალწული
გაღიმებული პირით
შესცქერის
მომცინარ არსებას,
რომელიც
ლურჯ სივრცეს
გაჰყურებს,
ცის გუმბათზე
ამაყად მიცურავს
ახალშობილის
სილუეტი
რეკს
მზე _
სამყაროს მნათე,
უსაზღვროებას
კვლავ ამცნობს
აღზევებას
დიადი
სიცოცხლისას...

1971 წ.

 
KAXAთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 11:20:14 PM | შეტყობინება # 5
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
იკაროსი

მზისა
და
მიწის რიტმებზე როკავს
ჩვენი ენა –
ზენაარის მედიატორი,
რომლისთვის ოდეს
საცნაურ იქმნა
პირველი სიტყვა
(როკვა პირველი)
ჭეშმარიტების ლაბირინთში
გამომწყვდეულნი,
მრავალჯერ ნაფიქრს
დღენიადაგ თავიდან
ვიწყებთ.

* * *
უსხეულოდ განშორებულნო,
თქვენმა მტვერმა
ცნობადის ხეზე
ბევრი ნაყოფი გამოიღო
ტკბილი თუ მწარე...
კვლავ ვერ ველევით საკუთარ
სხეულს,
ზოგჯერ თუ სამმაგ
სიცოცხლით ვცოცხლობთ,
ზოგჯერ სამჯერ მეტ
სიკვდილს ვატარებთ...

* * *
მაშინ, როდესაც
თქვენმიერი მდუმარება
დამეუფლება,
სარკოფაგში თქვენი ფიქრების
ჩემს სულის უფსკრულს
მძიმედ ვეშვები,
ვარსკვლავთა ხომლი
მთელი ძალით მეწევა
მაღლა,
ჩემი ვარსკვლავის
კამერტონით აწყობილ
ჩანგზე
მძლავრად ჩამესმის
მე თქვენმიერი საუფლოდან
მზისკენ გაჭრილი
იკაროსის ფრთების
შრიალი,
რომელიც ახშობს
გაოცებული მნათობის
ხმას: ,,შენ ცოცხალი ხარ?!”

* * *
უძღებო შვილო
დედაბუნების,
რომელიც ასე დაჰკანკალებ
საკუთარ სხეულს,
მარად გახსოვდეს:
თუ მშობლიური
საბუდარიდან
ფრთებს ლაღად
გაშლი,
მარადისობას ჩაიკრავ
მკერდში.

1990 წ.

 
KAXAთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 11:21:39 PM | შეტყობინება # 6
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
მემორიალი

გადაიღო კოსმოსში წვიმამ.
ზეცას გართხმული
თრთის ცისარტყელა,
მზისხალიანი აღმოსავლეთი
დასავლეთის სარკეში ჭვრეტს
საკუთარ სახეს...
ვნებააშლილ საუკუნეთა
ზვავს მოჰყოლიან
გზააბნეული
სარკოფაგები...
მთვარის სტუმარი,
მატერიის უძღები შვილი,
გაოგნებული მისჩერებია
მიწის ამოსვლას,
რომლის ვეება
ლურჯ გალიაში
თავგანწირვით ფართხალებენ
კაც-ფრინველები.

* * *
როს უხილავი
განმგებლობს ხილულს,
მახინჯ ატომს ხელეწიფება
დაიბუდოს
მდედრის საშოში,
კაცთა მოდგმას შეეხიზნოს,
სამარადისოდ,
ამღვრიოს სისხლი
წარსულიდან გამოქცეული.
დიდი სიცოცხლის
წითელ მდინარეს,
სათავიდან მოკიდებული,
უფრო და უფრო უძნელდება
ამ უმძიმესი ტვირთის
ტარება.

* * *
კაცთა მოდგმა _
ინტეგრალით სიბრძნისა
და უგუნურების,
გუმანით მისდევს
რეფლექსთა პანდუსს,
ნეტავ ვინ უწყის
საით მიჰყვება
მრავალათასჯერ მიმოქცეულ
აზრებს და ფიქრებს.
ურჩი სისხლი
ადამიანთა ზიარჭურჭელში
ნიადაგ ბორგავს,
დასაბამიდან
გონებას გვიმღვრევს
უთანხმოება
ცისა და მიწის.
მძიმე წამების
ბასრი ბრჭყალებით
გვეფლითება ცნობიერება.

* * *
რომ შეაკაონ
ბუმერანგი უგუნურების,
ცას შესწვდომიან
(ზეკაცები)
ბოროტების მეხამრიდები,
სინდისის ბარჯი
სამსხვერპლოზე მიათრევს
რჩეულთ,
ბრბოის ყაყანში
ობოლი ცრემლი _
დედამიწა ეცემათ გულზე.
გრძნობის ნაშობი
ამღვრეულა გონება კაცთა.
შავი
და თეთრი ანგელოზები
ახშობენ სივრცეს,
დედამიწით მოხაზულ წრეში
მზე ფართხალებს თავწაწყვეტილი.
მთვარის ლარნაკში
დედამიწის გაზაფხული გაფითრებულა.

* * *
მშობელნო ჩვენნო,
თქვენს მთრთოლვარე
სხეულში გავლით
იმ ლურჯ კუნძულზე
გამოვირიყეთ,
რომლისთვისაც ცრემლის მარილი
უძვირფასესი სამკაულია
(ერთადერთი სავანეა
სიცოცხლის იგი).
ჩასახვიდან
ათას ტკბილ-მწარით
შენდება სული.
ჩვენში ჰყვავის
თქვენი ბავშვობა.
თქვენში აღვლენილ
სიყვარულით სიკვდილმისჯილნი
სიყვარულისკენ მივეშურებით.
ჩვენში ჩასახლდა
მზე,
ვარდი,
კუბო,
ჩვენში ცახცახებს
მთელი სამყარო.
ხან უტკბილეს
და ხან მწარე ნაყოფს
გვაგემებს
მისი იდუმალება,
ვერვინ გადუვლის
ჩვენ სულის უფსკრულს
(ადამიანმა ხორცისა
და სულის სიშიშვლე
ერთად შემოსა).
ცა-მიწას შორის
ყრუ პროკრუსტეს სარეცელზე
მიჯაჭვულა ჩვენი არსობა,
ჩვენი გულები,
ჩასახვის დღიდან
თქვენი გულის რიტმს
აყოლილნი,
განაგრძობენ ჯიუტად ფეთქვას.

* * *
თვალსაწიერის ნაჭუჭში მყოფნი
ღვთის სარკეში,
სულდგმულთა შორის,
მხოლოდ ჩვენ ვხედავთ
საკუთარ თვალებს,
ერთურთს შემყურე
ვარსკვლავთ დუმილში
ჩაბუდებულ
შიშს გვიქარვებს კაცობრიობა,
ერთურთით ვავსებთ ამქვეყნიურ
სიცარიელეს,
დედამიწიდან გასულ ექოებს
თან მიჰყვებათ
სულის ნაწილი.

* * *
ძეხორციელთა თვალთასიმრავლე
მოსვენებას უკარგავს სივრცეს
(თუმც ვერას ვაკლებთ,
ვერას ვუმატებთ
მატერიის ურიცხვ საგანძურს),
ფრინველები გუმანით გრძნობენ
მიწის მიღმა
უხილავ ზღუდეს
(კაცის გონება
სამანებს
ჟანგავს),
თვითნასწავლი ხე
ქარს მიანდობს
თვის გამრავლებას,
გემო არ იცის
საკუთარ შვილის,
ჩვენ კი
მსხვერპლს ვწირავთ ყოველ
სიხარულს.

* * *
მზე როცა გვტოვებს
და
დედამიწის ნახევარგული
წყვდიადში
ფეთქავს,
რა ანათებს
ჩვენს სულის დარბაზს?
სანამ
ყივილით გააღებს ჭიშკარს
და კვლავ დაგვხედავს
სიბნელისაგან სინათლით გაგვბანს
(იგი წმინდაა
როს შეგვეხება
და ისევ წმინდა
განაგრძობს
სრბოლას),
ჩვენი ფიქრები
ღამისეული
დღის ხმაურიან ნიჟარაში
შეიყუჟება.

* * *
მირიადებში
სახილველად
რა ცოტანი
ვერგეთ ურთიერთს.
როს ვერ აღვიქვამთ
მიწიერთა საერთო
სადგომს,
უმცირეს ალაგს
სამშობლოს ვარქმევთ.

* * *
როს იწურება
რეგლამენტი ჩვენი
სიცოცხლის,
ყოფიერება მძიმედ გვაწვება
ქუთუთოებზე,
გვიხუჭავს თვალებს,
თავის ქალა _
იდუმალებით სავსე ყულაბა,
რომელსაც სურდა გამოეცნო
ვარსკვლავების
ბიოგრაფია,
მყისიერად განიძარცვება.
ჩვენი საწყისის
უხილავ უფსკრულს
უფრთოდ ვეშვებით,
უსაზღვროება
მთელი სიხარბით
დაგვინაწილებს,
ჩონჩხი _
ტვირთისგან გადაქანცული,
სიზმარეულში ჩაიკირება.
ურჩი ტყვეები მატერიისა
ვიწრო საკნიდან
ღია სივრცეს განვეფინებით,
სადაც წაშლილა
ყოველგვარი მისამართები.
ფიქრთგანძარცულნი
სხვათა ფიქრებში
დავიდებთ ბინას.
მხოლოდღა გვეთქმის:
_ მშვიდობით, მზეო,
მადლობელი ვართ
ცრემლის კუნძულზე
მეგზურობისთვის,
შენი
და მიწის
ოქროს ქორწილში
ჩამოღვენთილი სანთელია
დაშრეტილი
ჩვენი სხეული.
მხოლოდ და მხოლოდ
დედამიწაა
ჩვენი ხსოვნის
მემორიალი,
რომელიც
სისხლის დასაბამიდან
ჩვენთან ერთად
ზეციერდება.

1981 წ.

 
KAXAთარიღი: პარასკევი, 27.08.2010, 11:23:43 PM | შეტყობინება # 7
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ორბიტები

ღამისეულ ცას
ნათელსა ჰფენს
ვარსკვლავიერი
თეთრი აკლდამა.
აკლდამაში
წითლად ციმციმებს
მზე-სარკოფაგი
სხვადასხვა ფერის
უზარმაზარი ფარვანები
გარს უვლიან
წითელ სარკოფაგს.
ლურჯ ფარვანას
მხრებზე შეუსხამს:
ცხელი უდაბნო,
პირქუში სფინქსი,
ჭორფლიანი პირამიდები,

* * *
უხილავ ყმაწვილთ
დედამიწაზე გვიწვევდა
მდედრი,
როს დადგა ჯერი
ამ ქვეყნად
მოსვლის
მონუსხულები მივიწევდით
დედამიწის
ციურ გარსისკენ;
მდედრი
მზის ცეცხლით
აღგზნებული
გველოდებოდა;
გამოგვამწყვდია
მოარულ ქვესკნელს;
ბოლოს გაგვეხსნა
ნათელი სივრცე,
მზე ჩაგვეწურა
მრუმე გუგებში,
ხუთი გრძნობით
ნაქსოვ ბადეში
გავითავისეთ
საკუთარი ხმა
(იდუმალი რყევა
ჰაერის),
ჩვენი სხეული,
მდედრის ხატება
(ვინც
ჩვენი სახის
ხილულად ქმნას
შეუწყო ხელი).
ნათელ სივრცეებს
მივაბჯინეთ
მთრთოლვარე მზერა
(ირგვლივ
გარემო გავაფერადეთ
თვალების ფუნჯით),
ჩვენი არსება
ხარბად ნთქავდა
მიწიერ ჰაერს,
დედამიწაზე
დასაბამიდან გაჩენილ
ფიქრებს,
ჟამიდან ჟამ
ახალს ბადებდა,
წინაპართ ძვლებით
თანდათანობით
წმინდა ალაგს
ელურსმებოდა
ჩვენი სხეული.

* * *
საწოლის ჩონჩხს
როს მივენდობით,
დამძიმებული ქუთუთოები
თვალთა გუგებს
გადაფარავენ,
მოვიკალათებთ
საკუთარი
თავის ქალაში.
როცა უფსკრული
თვალებისა
გადაიხსნება,
ქუთუთოები გამოაჩენენ
გუგების სარკმლებს,
კვლავ სხეულის
ხუნდებს შევიგრძნობთ,
რომელსაც მუდამ
დავატარებთ
გულმოდგინებით,
(დედამიწას დავუბრუნებთ,
როცა გვამში
დაგვიზამთრდება)
საწოლსა
და
ჩვენს სხეულს შორის
ბნელი უფსკრული
უფრო და უფრო
პატარავდება,
რადგან საწოლთან,
ყოველ ცისმარე
უფრო ახლოს
ვიღვიძებთ ხოლმე.

* * *
უხმაუროდ ბრუნავს
ცარგვალი,
შეყუჟული ვარ
კოსმოსის ყურში.
მთვლემარე ნიავს
ფუღუროდან
ბებერი კაკლის
ჩვილი იესოს
შორეული
ტირილის ხმა
კვნესით ამოჰყავს.
აინშტაინის ვიოლინოს
სიმს
გულმოდგინებით არხევს
ჭრიჭინა,
ბგერების ცახცახს
დახარბებული იტაცებს
სივრცე,
ცად შემართულ
ეულ
ალვას,
გაბზარულ გულში
მოლოდინში ჭექა-ქუხილის
სულიერთათვის
მაშველ რგოლებად
დაშთენია
მზის ნაკვალევი,
გაწყვეტია
უკანასკნელი ორბიტა
მზისა,
ძე ხორციელთა
ცრემლით
და სისხლით გაჟღენთია
დაშაშრული
თვისი სხეული
(ვიდრე მის ფესვებს
დედამიწა შემოეფხვნება)
არ მოგვასვენებს
დიალოგი
კვერცხის
და დედის!

* * *
აღმოსავლიდან
დასავლისაკენ
კვლავ მიიწევს
მზის სარკოფაგი,
წამწამებს შორის
მოქცეული
ჩვენი სიცოცხლე
არ ეპუება
უსაზღვროებას,
ისევ ვინახავთ
ადამის იერს,
ლაფს შერეული
წინაპართ
მტვერი
ჟამიდან ჟამზე
გვიშაშრავს სახეს,
დროგამოშვებით
ტვინის სარკმლებს
ცრემლები გვიწმენდს,
რათა საგნები
ნათლად ვიხილოთ.
გარდასულები _
ჩვენს სულში
გაჭრილ სამარეებში
დაბუდებულნი
(დღენიადაგ
არ გვასვენებენ),
მწვანედ დანისლულ
თვალებს ახელენ,
გვეკითხებიან:
“ეს ის მთვარეა,
წეღან რომ ნახე,
ან ის ვარსკვლავი?”
და
ჩვენც ვპასუხობთ:
“უკან მიხედვა
არის სიკვდილი!”

* * *
დედამიწის ჩაცვივნულ
სახეს
უფრო
და
უფრო
ემატება სისხლჩაქცევები,
ცის ბალავარში
დატანებულთა
ძახილი გვაკრთობს:
“არ დადგა ჟამი,
როს საჭიროებს
გულის მანკი
დედამიწისა
მზის
საუფლოში
შექმნილ ხელებს
დოსტაქარისას?”

* * *
აზუზუნდა მზის
კამერტონი,
ურჩმა სინათლემ
მზის ქვითკირი
გამოარღვია,
მზესუმზირები
ჩაყვითლებულ
ქუთუთოებში
უფრო
და
უფრო იმწყვდევენ
მნათობს,
მტვრის შადრევნებში
ერთად როკავენ
წარსული,
აწმყო
და
მომავალი.
ცხელი სილა
ხარბად იწოვს
რვაფეხას სხეულს
და ჩვენც
ვიწონით
მისხალ-მისხალ
ჩვენს გულის
ძგერით
სიკვდილ-სიცოცხლის
განაწილებას.
დრო _ სივრცისაგან
უარყოფილნი,
ჩვენი რაობით
უნდა მივენდოთ
მხოლოდ
და
მხოლოდ
დედამიწის
მეხსიერებას!

1985 წ.

 
ფორუმი » Art Forum » პოეზია » მიხეილ გოგუაძე
გვერდი 1 დან1
ძებნა: