ნანა ცინცაძე - ფორუმი

GEORGIAN MODERN POETRY & ART

ოთხშაბათი, 07.12.2016, 9:15:47 PM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | ნანა ცინცაძე - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმი » Art Forum » პოეზია » ნანა ცინცაძე
ნანა ცინცაძე
KAXAთარიღი: პარასკევი, 11.11.2011, 6:23:40 PM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
 
KAXAთარიღი: პარასკევი, 11.11.2011, 7:29:22 PM | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ავტოპორტრეტი

ჩემი ცხოვრება სცენაა,
ნელ-ნელა ვსწავლობ როლებს.
ხან კლეოპატრას ვთამაშობ,
ხან მეფუნდუკის ცოლებს.
ხან თავი ისე მიჭირავს,
თითქოს ფრთები მაქვს წმინდანს,
ხან ერთი სოფლის ქალი ვარ,
ვიღაცას ვუქსოვ წინდას.
ხან პალატებში დავდივარ,
დაჭრილებს ვკურნავ ენით,
არადა თუ კი დამჭირდა,
კაცს მოვკლავ ჩემი ხელით.
ჩემი ცხოვრება სცენაა,
ნიღბებს ვერ ვტოვებ ვერსად.
მეფის კარზე რომ მეცხოვრა,
გავაკვირვებდი ვერსალს.
 
KAXAთარიღი: პარასკევი, 11.11.2011, 7:30:07 PM | შეტყობინება # 3
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
დავითობა რთულია

საქართველო მარტო მიწა არ არის
და არც სია ძველ და ახალ ტაძართა.
საქართველოდ მესახება ჭადარი,
ჟამთარმწერი შაჰ-აბასის ხანძართა.
მატყუებენ, როცა მტრობით დანგრეულს,
თითქოს მხოლოდ სიყვარულით აგებენ.
ჩემს სამშობლოს, საცოდავს და დალეულს,
დასაფლეთად შუბის ტარზე აგებენ.
პათეტიკას ვერ გასცილდნენ ,,მგოსნები“
ზარზმას მოსდევს სიონი და მთაწმინდა.
ყველაფერი რომ სრულდება ბრბოს ნებით,
არც ერთს ამის დაჯერება არ გვინდა.
გადავჩეხეთ ტყეები და ვენახი,
მომავალიც სულ ცალ ფეხზე გვკიდია.
რა ხანია ძველ მტრებთანაც შევთანხმდით
რომ დავიტევთ, საქართველო დიდია...
ჩვენც ხომ ვიცით, არწივია დაჭრილი,
მარტოდ-მარტო ეომება ყვავ-ყორნებს.
ლაბასავით თვალები გვაქვს დახრილი
და უფალიც შემწეობას აყოვნებს.
გულს იხეთქავს, ვისაც მართლა გული აქვს,
ჯირითობენ თემურ ლენგის მსტოვრები.
დავითობა ყველა დროში რთულია,
ნუთუ ჩვენ ვართ მისი დანატოვრები.
ტრადიციებს გვიწუნებენ მავანნი,
მეც დავარღვევ ტრადიციას იცოდეთ,
და ვინც ეშმას ჩააბარეთ თავანი,
ყველას ერთად ნაბუშრები გიწოდეთ.
 
KAXAთარიღი: პარასკევი, 11.11.2011, 7:30:41 PM | შეტყობინება # 4
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ხვალის დღე

სხვისი ნაჭენები რად მინდა იაბო,
როცა მარგალიტის პატრონი თავად ვარ
და მაინც მჭირდება წარსულზე გიამბო,
მოდი, მე ვიქნები სიტყვების თამადა.
მოხდა საოცრება, აზრები მერევა,
ვხედავ არ გამომდის მალამოდ დაგედო,
ვაითუ, ამ წელსაც ისეთი მეკვლე ვარ,
გზაში დამეკარგოს ოცნების საბედო.
რად მინდა წარსული, თუ ხვალე მკვდარია,
რად მინდა ამდენი უაზრო პირობა,
ვიცით, რომ ავდარზე ლამაზი დარია,
ვაი, რომ ჩაბარდა გარდასულს გმირობა.
ვაი, საქართველო ისეც პატარაა,
თქვენ ნუღარ აკუწავთ, ეყოფა ტკივილი.
საბრალო, ხომ ხედავთ, ბედის ამარაა,
გაუსკდა გული და არ ისმის ჩივილი.
აღარ იწერება ხვალის ისტორია,
მარჯვენა მოკვეთეს მცხეთას არსაკიძეს.
პირმშოს ნათლავენ და სულ სხვა მირონია,
,,ვეფხისტყაოსანი“ ისევ არ აკინძეს.
ისევ გაიყიდა ჩვილი ისტამბულში,
ქალები თავისით გარბიან თათართან.
კაცი გამოუტყდა სხვა კაცს სიყვარულში,
ქართვლის ისტორია ამგვარად დამთავრდა.
კმარა საქართველოვ! - გეყოფა მონობა!
ისევ გააჩინე ლეკვები ალგეთის.
ბავშვის და მოხუცის მოუნდათ მოსპობა,
ნუთუ დაყრუვდი და გოდება არ გესმის.
რატომ გაუძელი ამდენ კატაკლიზმებს,
თუკი შადიმანი კვლავ ტახტზე ავიდა...
მე ქართვლის დედა ვარ, ვიცი რა მატირებს
და მაინც შენს იქით სიცოცხლე არ მინდა.
როგორ მოვუარო იანკის ბებიას,
როცა საკუთარი მიკვდება შიმშილით.
უტვინო გვმართავს და გენიას შებმიან,
მკვდარი შაჰ-აბასი ხარხარებს გიჟივით.
წვიმა წამოვიდა, შენი ცრემლებია,
ადე, შეიხვიე ძვირფასო იარა.
მთებზე გაზაფხულის ჭრელი ფერებია,
ხვალის დღეს დავლოცავ, დღევანდელს კი არა.
 
KAXAთარიღი: პარასკევი, 11.11.2011, 7:31:24 PM | შეტყობინება # 5
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
დრაკულა

ისე მიყვარხარ, ვერ მოვიცილე
შენზე ფიქრები ვერც ერთი წამით.
ხანდახან მინდა ბოლო მოგიღო,
რა დაშავდება მითხარი ამით.
არ გაპატიე ჩემი მონობა,
დაბადებიდან ვიყავ აზატი.
მეგონა მუდამ ვითამაშებდი,
სულით ხორცამდე მხიბლავს აზარტი.
მეგონა მხოლოდ მე გამართობდა
მაგ შენს თვალებზე ციმციმა ცრემლი.
ვაი, რომ ჩემს თავს ვერ მოვერიე,
შენთან შეხვედრას ვლოცავ და ვწყევლი.
გეფერები და შენში შევდივარ
ჩემი არსებით, ჩემი ვნებებით,
როცა მგონია მე გავიმარჯვე,
თურმე ქედს გიხრი, თურმე გნებდები.
როცა არ მინდა შენზე ვიფიქრო,
მარწუხებს მაჭერს შენი არსება
და ყოველივე დედამიწაზე
შენით იწყება, შენით მთავრდება,
სწორედ ამიტომ არ გაპატიე
ეს სიყვარული, ღმერთების დარი,
მონატრებისას, არ გაგიკვირდეს,
თუკი გიჟივით გაგიღო კარი
დამოკვდავთაგან, ყველაზე ძლიერ
რადგან მიყვარხარ, რადგან გემონე,
შენს სისხლს დავლევ და როგორც დრაკულა,
შევუერთდები მხოლოდ დემონებს.
 
KAXAთარიღი: პარასკევი, 11.11.2011, 7:31:55 PM | შეტყობინება # 6
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ცხელი გენი

ეს ლექსები - აჯანყება სისხლის,
ეს ლექსები - გოლგოთა და ჯვარცმა.
პატიება ვერ ვისწავლე მისხლის,
ვერც სურვილთა ნატვრის ხეზე აცმა.
ვერ გავკიდე დაზავების დროშა,
სულ ყორნები მიჯიჯგნიან სხეულს...
ვატყობ, სულით დავიბადე ბოშა,
ვინ დამიჭერს შლეგს და გადარეულს.
ტრამალ-ტრამალ ვაჯირითე ცხენი
და სასურველს დასარწყულად გევნე.
მიტოვებულს ჩემი ცხელი გენი,
ყორღანებში ქარით დაგადევნე.
მერე, როცა გზა გავხედნე გიჟმა,
ლექსთან ერთად ჩაგაწანი თმებში...
როს სურვილმა გულზე დამაბიჯა,
კვლავ ვნებების ზღვაში გადავეშვი.
 
KAXAთარიღი: პარასკევი, 11.11.2011, 7:32:15 PM | შეტყობინება # 7
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ალუჩა

გაცოფდა, გაგიჟდა ქარი, ქარაშოტი,
მუხლებზე დაისვა ქალწული ალუჩა.
სად აღარ ათრია ქალი საღამომდე,
მერე საცოდავი აიგდო აბუჩად.
ჩუმად ჩურჩულებენ ბაღში ჭორიკნები,
მას კი დამსხვრეული სტკიოდა ფიქრები.
აუ... გაიხარა ქარიშხლის ნაყოფმა
და ტანზე ასკდება ალუჩას კვირტები.
 
KAXAთარიღი: პარასკევი, 11.11.2011, 7:32:44 PM | შეტყობინება # 8
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ოთხმოცი წლის ქალწულის სიმართლე

ღმერთო, ხომ იცი ოთხმოცი წელი
ერთგულად ვიყავ შენი მსახური.
კითხვა რად გინდა, ცხოვრება ძველი,
არის მხოლოდღა ამის დასტური.
მაგრამ დღეს გეტყვი, დღეს, როცა უკვე
ვნახე გათხრილი ჩემი სამარე,
საკმეველს თურმე მონობას უკმევ,
თუკი ვერ შეკრავ ცაში კამარებს.
იქნებ გგონია, არ მინატრია
ვიღაცის მკლავზე ძილი შიშველი.
თუნდაც მომაცვა გიჟის მანტია,
ორივემ ვიცით ვეღარ მიშველი.
ვიღაცის თვალში საწყალს და ტანჯულს,
არ შემიბღალავს ოჯახი წმინდა
და ამიტომაც ალერსის ნატრულს,
სხვისი ოცნების დანგრევა მინდა.
არ დაიჯერო ბილწი სიმორცხვე,
ფიქრებში საწოლს ვუყოფდი ყველას.
ჩემში ავხორცი იღებს მილოცვებს
და არავისგან არ ვითხოვ შველას.
ახლაღა გეტყვი, ახლა როდესაც,
ვნახე სამარე წლების გათხრილი,
ვივიწყებ ცრემლებს, მორალს, კოდექსსაც
მე, ოიდიპოს თვალებდათხრილი.
დღეს ამიჯანყდა ჩემი სხეული,
სიზმრებში ასე ნათრევ-ნაჯიჯგნი,
ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული
სული უბიწო, მაინც მახინჯი.
გთხოვ, მაპატიო, ოთხმოცი წელი
რომ არ ვეჯექი მინავლულ კოცონს...
კვლავ მახსენდება თვალები მწველი,
რომლებიც უნდა სიზმარში ვკოცნო.
 
KAXAთარიღი: პარასკევი, 11.11.2011, 7:33:14 PM | შეტყობინება # 9
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
პიკასო

უბედურია პიკასო,
ამბობს: - ძაღლები მიყვარსო.
ვერ ვიტან ადამიანებს,
სულს დარდი ანაგვიანებს,
მათგან მოგული ტკივილი
არასდროს არ აგვიანებს.
მტრედი მშვიდობას მოგიტანს,
ცხენი გაწყნარებს მოტირალს,
ეს მაშინ, როცა შენს მსგავსთან
განუწყვეტელი ომი გაქვს. –
... ბედნიერია პიკასო,
ამობს: - ძაღლები მიყვარსო...
 
ფორუმი » Art Forum » პოეზია » ნანა ცინცაძე
გვერდი 1 დან1
ძებნა: