ეს ცა იჭრის ვენებს და წვიმა მაინც ზარმაცობს,
(შემოდგომის ხვედრია ხეთა დედიშობლობა)
ტროტუართან შუადღეს ველოდები ბარბაცით,
დილის ზღვიდან რა ხანი, გავიდა რომ მოტოპავს. უჩვეულოდ ინტიმურ ჰავაშია ეს კვირა,
საღამოთი ლოდინში ხვალინდელი “პაგოდის”
ფოთლებს ვაწყობ სივრცეში, (უეჭველი წრეწირად)
ლოგინი რომ მეციოს, იქნება იქ გავგორდე...
და ვეწევი ქემელით გამოჟღენთილ ღამეებს,
მთვარზეც ვწერ ხანდახან, უფრო ხშირად ცალი ყბით...
ხელს ვიქნევ და სიცოცხლეს პოეტურად ვანებებ
თავს და ერთხელ (ჯერ არა) შენ კოცნასაც დავიხლი
ბაგეებზე, ნულიდან აიწვერა ეს ლექსიც,
რომ სჩვევიათ ყანაში დედაჩემის სიმინდებს,
ცვრიან ბალახს ხომ მოაქვს ჟრუანტელი ფეხებში,
იგრძნობ დედასამშობლოს და ყველაფერს იკიდებ.
ეს ცა იჭრის ვენებს და წვიმა მაინც ზარმაცობს,
ფანჯარაში ნათელი ჩამომდგარა კელაპტრის,
რაც არ უნდა მოხდეს და სიცოცხლეზე გამაზოთ,
პოეტური ღამე აქვს გიო ედიშერაშვილს.