სახის კანის ტიპის დადგენა შესაძლებელია კოსმეტიკურ დაწესებულებებში, მაგრამ შეიძლება საოჯახო პირობებშიც დავადგინოთ. სახის კანის ტიპებია: ცხიმიანი, მშრალი, ნორმალური და შერეული. სახის კანის შემოწმება ასე ხდება: გაისუფთავეთ სახე ოთახის ტემპერატურის წყლითა და საპნით. მოგშორდებათ მტვერი, ოფლი და კანის ცხიმი. დაბანიდან 1-2 საათის შემდეგ სახეზე კვლავ წარმოიქმენება ცხიმის ფენა. აიღეთ თხელი ქაღალდი (ხელსაწმენდი გამოდგება) და დაიფინეთ სახეზე ისე, რომ იგი სახის ყველა უბანს ეხებოდეს. თუ ქაღალდზე გაჩნდება ცხიმის ლაქები, ე.ი. სახე ცხიმიანია, თუ ოდნავ, თანაბრად შეიმჩნევა ცხიმის კვალი, სახე ნორმალურად ითვლება. მშრალი ტიპის კანი ქაღალდზე არავითარ ლაქას არ ტოვებს. თუ ცხიმის ლაქა მხოლოდ ზოგიერთ ადგილზე გაჩნდა, კანი შერეული ტიპისაა.
ზოგჯერ მშრალი კანის ტიპი ერევათ ნორმალურში. რომ არ შეგვეშალოს, უნდა ვიცოდეთ, რომ დაბანის შემდეგ მშრალი კანი დაჭიმულია და უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს.
კანის მდგომარეობა და ცხიმიანობა იცვლება ასაკთან, კლიმატურ პირობებთან, წლის დროსთან, შრომასთან, ცხოვრების წესთან და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამიტომ თუ შეიცვალა რომელიმე ფაქტორი, საჭიროა სახის კანის ხელახლა შემოწმება.
ცხიმიანი კანი
ცხიმიანი კანი სქელი, მკვრივი, ხშირად ფერმკრთალია. ზედაპირზე კარგად ჩანს ფორები. კანის ცხიმი გამომუშავდება ცხიმის ჯირკვლებში, ერევა ოფლს და წარმოქმნის კანის ზედაპირზე დამცველ შრეს, რომელიც კანს იცავს გამოშრობისა და გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებისაგან. ცხიმიანი კანი ნელა ბერდება და გვიან ჩნდება ნაოჭები, მაგრამ მტვერი, რომელიც ფორებში ხვდება, ერევა კანის ცხიმსა და წარმოიქმნება "შავი წერტილები" - კომედონები. კანის მოუვლელობამ შეიძლება დააუშნოოს სახე ფერიმჭამელებით, ფურუნკულებითა და კანის სხვადასხვა დაავადებებით.
შერეული ტიპის სახის კანი
განსაკუთრებით ხშირად გვხვდება შერეული ტიპის სახის კანი. ცხიმიანი უბნებია - შუბლი, ცხვირი და ნიკაპი. ასეთი სახის კანის მოვლას ჭირდება განსაკუთრებული ცოდნა და ყურადღება. მისი ცალკეული უბანი საჭიროებს განსხვავებულ მოვლას.
მშრალი კანი
მშრალი კანი თხელი და ნაზია. ის სწრაფად ბერდება, ნაოჭები ადრეულ ასაკშივე ჩნდება. ასეთი კანი მგრძნობიარეა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. კანის სიმშრალეს იწვევს ცხიმის ჯირკვლების ცუდი მუშაობა და კანის ზედაპირიდან სითხის გაძლიერებული აორთქლება, რაც გამოწვეულია არასწორი კვებით. თუ ამას ემატება არასწორი მოვლაც, კანი უსიამოვნო შესახედავი ხდება. კარგავს ელასტიურობას, მოდუნებული, აქერცლილი, დანაოჭებული და გაღიზიანებულია.
ხილის მოქმედება სახის კანზე
ვისაც სურს სახის სასურველი ფერი ჰქონდეს, შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ხილი, დაჭრას ნაჭრებად და 15-20 წუთით დაიდოს სახეზე. სხვადასხვა ხილი სხვადასხვაგვარად მოქმედებს სახეზე.
- გარგარი ამშვიდებს.
- ბანანი ასწორებს კანს და არბილებს.
- მოცვი ავიწროებს ფორებსა და კვებავს.
- ატამი ასწორებს კანს და არბილებს, აძლევს სასიამოვნო ფერს.
- ატამი და ჟოლო ატენიანებს და კვებავს.
- ლიმონი ათეთრებს და ფორებს ავიწროებს.
- მოცხარი ავიწროებს ფორებს და კვებავს.
- ქაცვი ახორცებს ჭრილობას, კვებავს და არბილებს.
ცხიმიანი კანის მოვლა
გამწმენდი საშუალებები
ლ ი მ ო ნ ი
* ცხიმიან სახის კანს დღეში რამდენჯერმე იწმენდენ ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით ან ლიმონის ნაჭრით.
* სახეს იწმენდენ ლიმონის წვენისა და წყლის ნარევით (1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1/4 ჭიქა წყალზე).
გ ვ ი რ ი ლ ა
1 სუფრის კოვზ გვირილას ასხამენ 10 ს.კ. არაყს, აჩერებენ 7 დღე მუქ მინის ჭურჭელში, წურავენ და იწმენდენ სახეს კვირაში 2-ჯერ.
მ ა რ ი ლ ი ა ნ ი პ რ ო ც ე დ უ რ ე ბ ი
თუ ცხიმიან სახეზე კომედონები (შავი წერტილები) და ფერიმჭამელებია, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები. ბამბის ტამპონს ასველებენ საპნის ქაფში, მოაფრქვევენ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით იწმენდენ სახეს 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლიან ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობს ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ სახეს იწმენდენ ლოსიონით და იბანენ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-3-ჯერ.
ა ლ ო ე
ცხიმიან, ფორებიან, ფერიმჭამელებიან კანს იწმენდენ ალოეს კონსერვირებული წვენით. კონსერვაციისთვის 4 ნაწილ ალოეს წვენს უმატებენ 1 ნაწილ სპირტს და ინახავენ გრილ, ბნელ ადგილას.
ფ ო რ თ ო ხ ა ლ ი
* ერთ ცალ ფორთოხალს ხეხავენ უმატებენ 1/2 ჩაის ჭიქა არაყს, აჩერებენ 5-7 დღით ბნელ ადგილას, შემდეგ წურავენ და უმატებენ 1 ჩაის კოვზ გლიცერინს.
ამ ლოსიონით ცხიმიან კანს ყოველ საღამოს იწმენდენ. ავიწროვებს ფორებსაც.
* მინერალურ წყალს (1 ჩაის ჭიქა) უმატებენ 1 ს.კ. გრეიფრუტის წვენს და იწმენდენ ცხიმიან, ფორებიან კანს.
ნიღბები ცხიმიანი კანისათვის
ს ტ ა ფ ი ლ ო
1 ცალ მოზრდილ, წვნიან სტაფილოს ხეხავენ. უმატებენ ცოტა ბავშვის პუდრას და მიღებულ მასას იდებენ სახეზე. უხდება ცხიმიან, ფერიმჭამელებიან, მოდუნებულ, ფერმკრთალ კანს.
პ ა მ ი დ ო რ ი
პამიდორს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ სახეზე. რეკომენდებულია ცხიმიანი, დიდფორებიანი კანისათვის.
კ ო მ ბ ო ს ტ ო
კომბოსტოს ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, ამ ფაფას ურევენ ათქვეფილ კვერცხის ცილასა და იდებენ სახეზე 25-30 წუთით.
ბ ა ვ შ ვ ი ს პ უ დ რ ა
1 სუფრის კოვზ ბავშვის პუდრას ხსნიან 3%-იან პერეკისში და ისმევენ სახის კანის ცხიმიან უბნებზე. არ შეიძლება თვალებთან ახლოს!
მ ა რ წ ყ ვ ი დ ა კ ვ ე რ ც ხ ი
1 კვერცხის ცილას თქვეფენ და უმატებენ 2 ს.კ. მარწყვს (დაჭყლეტილს) თანაფარდობით 1:1 და იკეთებენ ნიღაბს, რომელსაც იჩერებენ 15-20 წთ. შემდეგ იბანენ თბილი წყლით.
თ ი ხ ა დ ა პ უ დ რ ა
იღებენ თანაბარი რაოდენობით (5-10 გრ) თეთრ თიხას და პუდრას, უმატებენ 1-2 ს.კ. ახალ რძეს. მიღებულ ნიღაბს იკეთებენ სახეზე 20 წუთით. ნიღაბი უკეთესად მოაშორებს სახეს ცხიმს, თუ რძის მაგივრად შემდეგ ხსნარს გამოვიყენებთ: 5 გ გლიცერინი, 15 მლ სპირტი და 4 მლ წყალი. ეს ნიღაბი შველის დიდ ფორებიან, ცხიმიან კანს.
ქ ა ტ ო
ცხიმიან კანს უხდება ქატოს (ხორბლის ფქვილის ანაცერი) ნიღაბი. ამისათვის ქატოს ურევენ რძეში და იდებენ სახეზე. ნიღაბი რომ გახმება, სახეს იბანენ თბილი წყლით.
საფენები ცხიმიანი სახის კანისათვის
ს ვ ი ა
იღებენ 2 სუფრის კოვზ სვიის გირჩებს, ასხამენ 1 ლ მდუღარეს და აჩერებენ 2 სთ. წურავენ და ამ ნაყენში ასველებენ ხაოიან პირსახოცს. იდებენ სახეზე 10-15 წთ. შეიძლება თბილი და ცივი საფენების მონაცვლეობა. (საფენის გაკეთებამდე საჭიროა კანის გაწმენდა ტუალეტის წყლით).
გ ვ ი რ ი ლ ა
კარგ ეფექტს იძლევა გვირილის ნაყენის საფენები ცხიმიან, ფერიმჭამელებიან კანზე. იღებენ 1 ს.კ. გვირილის ყვავილებს, ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 10-15 წთ. წურავენ, ასველებენ რამდენიმე ფენა მარლასა და იდებენ სახეზე. ზომიერად თბილ საფენს (10-15 წთ). უკეთესი იქნება თუ საფენი ხელახლა დასველდება თბილ ნაყენში ყოველ 5 წუთში ერთხელ ზედიზედ 6-ჯერ 2 კვირის განმავლობაში. პროცედურები ტარდება ყოველდღე, შემდეგ კი დღეგამოშვებით. საჭიროა სულ 25 პროცედურა.
მ ა რ ი ლ ი
1 ლ წყალში ხსნიან 1 ჩაის კოვზ მარილს, ასველებენ საფენს და იდებენ სახეზე 10-15 წუთით.
პუდრა ცხიმიანი კანისათვის
ფქვავენ კიტრის თესლს, ურევენ ბრინჯის ფქვილსა და იყენებენ სახეზე პუდრის სახით.
კ ი ტ რ ი
2 კიტრს ხეხავენ, უმატებენ 100 მლ არაყს. ურევენ და აჩერებენ მინის ჭურჭელში 7 დღის განმავლობაში. წურავენ. ასველებენ მარლას და იფენენ სახეზე 15 წუთით.
ეს საშუალება ავიწროვებს ფორებს და აშორებს სახეს ცხიმს.
მშრალი კანის მოვლა
გამწმენდი საშუალებები
ბ ა ლ ა ხ ე ბ ი ს ნ ა ყ ე ნ ე ბ ი დ ა ნ ა ხ ა რ შ ე ბ ი
მშრალი კანის დასაბანად საპნის გარეშე, რეკომენდებულია შემდეგ მცენარეთა ნაყენები და ნახარშები: პიტნა, ოხრახუში, ვირისტერფა, ვარდის ფურცლები.
2 სუფრის კოვზ ბალახს ასხამენ 1 ლ მდუღარეს და აჩერებენ 10-20 წთ. ან ხარშავენ 5 წუთით. იწმენდენ სახეს დღეში 2-3-ჯერ.
მ შ რ ა ლ ი ს ა ხ ი ს კ ა ნ ი ს გ ა მ წ მ ე ნ დ ი ე მ უ ლ ს ი ა
იღებენ 1 კვერცხის გულს, 1 ლიმონის ან 1 კიტრის წვენს, 1/2 ჭიქა ახალ არაჟანსა და 1 ს.კ. არაყს.
ყველაფერს ურევენ კარგად, წურავენ, ასხამენ მინის ჭურჭელში და ინახავენ ცივ ადგილას. იწმენდენ სახეს ყოველდღე.
მ ჟ ა ვ ე წ ყ ა ლ ი
მშრალი სახის კანის საპნით დაბანის შემდეგ, კარგია მჟავე წყლის გადავლება (1 ჩ.კ. ვაშლის ძმარს ან ლიმონის წვენს ხსნიან 0,5 ჭ წყალში).
სასურველია საპონი შეიცვალოს საპარსი ქაფით.
ტ უ ა ლ ე ტ ი ს წ ყ ა ლ ი
* 2 ს.კ. ხორბლის მარცვალს ასხამენ 1 ჭიქა ძმარს ან თეთრ ღვინოს. აჩერებენ 3-5 დღე. წურავენ და ნაყენს უმატებენ 1 კვერცხის გულს. ამ სითხით ყოველ საღამოს იწმენდენ მშრალ სახის კანს.
* ფორთოხლის კანს ასხამენ მდუღარეს, აჩერებენ გაციებამდე, შემდეგ წურავენ. მიღებული ტუალეტის წყლით იწმენდენ სახეს დილა-საღამოს.
* 1 ს.კ. მარწყვის ფაფას უმატებენ 1 ჭ ცივ მდუღარე წყალს, წურავენ რამდენიმე ფენა მარლაში, უმატებენ 1/2 ჩაის კოვზ გლიცერინს. ასუფთავებს და კვებავს მშრალ კანს.
მ რ ა ვ ა ლ ძ ა რ ღ ვ ა
მშრალი კანის გასაწმენდად იყენებენ წყალში შერეულ მრავალძარღვას ცოცხალ წვენს. შეფარდებით 1:3.
გ ვ ი რ ი ლ ა
მშრალ, გაღიზიანებულ, ჩირქოვან გამონაყრიან, ფერიმჭამელებიან კანს უხდება გვირილის ნაყენით გაწმენდა. ამისათვის 1 ს.კ. გვირილის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 30 წთ. წურავენ.
ნიღბები მშრალი კანისათვის
კ ო მ ბ ო ს ტ ო
კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლს არბილებენ მდუღარე წყალში. იღებენ წყლიდან, უსვამენ ზეთს (უმჯობესია ზეითუნის) და იფენენ სახეზე. 20 წუთის შემდეგ იშორებენ კომბოსტოს ფოთლებს და იბანენ გვირილის თბილი ნახარშით.
მ კ ვ ე ბ ა ვ ი ნ ი ღ ა ბ ი
1 ცალ კვერცხის გულს, 1 ს.კ. არაჟანს, 1 ჩ.კ. მცენარეულ ზეთს ურევენ ერთმანეთში, უმატებენ 1 ს.კ. ანადუღარ წყალს და ისვამენ სახეზე.
რ ძ ე - თ ა ფ ლ ი ს ნ ი ღ ა ბ ი
თაფლს ურევენ თანაბარი რაოდენობით რძეში და ისვამენ მშრალ, მოდუნებულ, მოყვითალო სახის კანზე. არბილებს და ათეთრებს კანს.
კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი ს ნ ი ღ ა ბ ი
მოხარშულ კარტოფილს ჭყლეტავენ, უმატებენ არაჟანსა და სახეზე თბილს ისვამენ 15-20 წუთით.
ნიღაბი ძალიან მშრალი კანისათვის
1 ცალ ლიმონს კანიანად ხეხავენ, უმატებენ 100 მლ სპირტს, ურევენ კარგად და წურავენ, უმატებენ 1 ჭიქა არაჟანს, 1 კვერცხის ცილას (ათქვეფილს) და 1 ჩ.კ. გლიცერინს. ისვამენ სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ იშორებენ ბამბის ტამპონით.
შ ვ რ ი ი ს ფ ა ნ ტ ე ლ ე ბ ი ს ნ ი ღ ა ბ ი
2-3 ს.კ. შვრიის ფანტელებს ასხამენ ცხელ რძეს და ისვამენ სახეზე. 20 წუთის შემდეგ იბანენ სახეს.
ნორმალური სახის კანის მოვლა
გამწმენდი საშუალებები
ფ ო რ თ ო ხ ლ ი ს წ ვ ე ნ ი
წურავენ ფორთოხლის წვენს, ასველებენ ბამბის ტამპონს და იწმენდენ სახეს, ყელსა და მკერდს. 1-2 საათის შემდეგ იბანენ ცივი წყლით.
მ ა ნ დ ა რ ი ნ ი
მანდარინის ქერქს ასხამენ ცივ, ანადუღარ წყალს, აჩერებენ 1 დღე-ღამე, შემდეგ წურავენ. მიღებულ ციტრუსის წყალს იყენებენ დილა-საღამოს სახის გასაწმენდად. ეს საშუალება აცოცხლებს, აახალგაზრდავებს სახის კანს.
კ ი ტ რ ი ს ლ ო ს ი ო ნ ი
ახალ კიტრს ხეხავენ, ასხამენ თანაბარი რაოდენობის არაყს, აჩერებენ 2 კვირა და წურავენ. გამოყენების წინ აზავებენ თანაბარი რაოდენობის ანადუღარი წყლით. 100 მლ მიღებულ ლოსიონს უმატებენ 1 ჩ.კ. გლიცერინს და იწმენდენ სახეს.
ვ ა რ დ ი ს ლ ო ს ი ო ნ ი
ნახევარ ჭიქა ვარდის მშრალ ფურცლებს ასხამენ მდუღარე წყალს ჭიქის შევსებამდე, ახურებენ და აჩერებენ 1 დღე-ღამე. წურავენ და ამატებენ 200 მლ ნაყენზე 1 ს.კ. გლიცერინს. იწმენდენ სახეს დაბანის მაგივრად დილა-საღამოს.
ს ა ლ ბ ი
კარგად ასუფთავებს სახეს სალბის ფოთლების ნაყენი: 2 ს.კ. ფოთოლს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აციებენ და წურავენ. იწმენდენ სახეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება ჭუჭყის მოშორება. არბილებს და ასუფთავებს კანს, ხსნის გაღიზიანებას.
ნიღბები ნორმალური სახის კანისათვის
ფ ო რ თ ო ხ ლ ი ს ნ ი ღ ა ბ ი
ფორთოხალს ჭრიან ბრტყელ ნაჭრებად და იდებენ სახეზე. ეს ნიღაბი აცოცხლებს კანს და კვებავს ვიტამინებით.
მ კ ვ ე ბ ა ვ ი ნ ი ღ ა ბი
კარგად თქვეფენ კვერცხის გულს, უმატებენ თითო ჩ.კ. ყურძნის წვენს, მცენარეულ ზეთსა და არაჟანს. შესასქელებლად უმატებენ ქერის ფქვილს. ნიღაბს ისვამენ 15-20 წუთით წინასწარ გაწმენდილ სახეზე. იბანენ ჩაის სუსტი ნაყენით. კვირაში იკეთებენ 2-3 ნიღაბს. კურსი 12-15 ნიღაბია.
მ ა რ წ ყ ვ ი ს ნ ი ღ ა ბ ი
კანს კარგად კვებავს და ახალისებს მარწყვის ნიღაბი. 3 ცალ მარწყვს წყლეტენ, ურევენ 1 ჩაის კოვზ თაფლს. ამ მასას ისვამენ სახეზე 15-20 წუთით. იბანენ თბილი წყლით.
პ ა რ ი ზ უ ლ ი ნ ი ღ ა ბ ი
კომბოსტოს მწნილის სქელ ფენას იდებენ წინასწარ გასუფთავებულ სახეზე 15-20 წთ. იბანენ ცივი წყლით. ეს საშუალება ახალისებს, ასუფთავებს და კვებავს კანს, ავიწროვებს ფორებს. ახავერდოვნებს, არბილებს და ელასტიურს ხდის კანს. რეკომენდებულია კვირაში ერთხელ.
კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი ს ნ ი ღ ა ბ ი
კარტოფილს ხარშავენ კანიანად, ჭყლეტენ, უმატებენ კვერცხის გულს და თბილი სახით იდებენ სახეზე 20-30 წთ, ზემოდან კი პირსახოცს იფარებენ.
ლ ი მ ო ნ ი დ ა თ ა ფ ლ ი
1 ცალ ლიმონის წვენს ურევენ 100 გ თაფლში. შესასქელებლად შეიძლება კარტოფილის ფქვილის დამატება. ისვამენ სახეზე და იჩერებენ 10-15 წთ. იბანენ ცივი წყლით.
ვ ა რ დ ი ს ზ ე თ ი
ემალის ჭურჭელში ათავსებენ სურნელოვანი ვარდის მშრალ ფურცლებს, ასხამენ მცენარეულ ზეთსა და ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 2 საათით. წურავენ. ასუფთავებს, ახალისებს და ელასტიურს ხდის კანს.
ბ რ ი ნ ჯ ი ს პ უ დ რ ა
ბრინჯის პუდრა საუკეთესო საშუალებაა კანის ტონიზირებისათვის. უმჯობესია ოჯახში დაამზადოთ, რადგან ნაყიდი შეიცავს სხვადასხვა დანამატს.
იღებენ ბრინჯს, რეცხავენ, ათავსებენ წყლიან თასში, აჩერებენ 5-6 დღე, სანამ მარცვლები კარგად გაჯირჯვლდება. ამ ხნის განმავლობაში წყალს უცვლიან ყოველ დღე. კარგად დამბალ ბრინჯს ათავსებენ ფაიფურის როდინში და სრესენ. მიღებულ ფაფას ათავსებენ მინის ქილაში, ასხამენ წყალს, კარგად ურევენ, აჩერებენ 5 წთ. წყალს გადაასხამენ, ნალექს გასრესენ როდინში და ასხამენ წყალს (ქილაში). ამ პროცედურას იმეორებენ რამდენჯერმე. ბოლოს მიიღება ბრინჯის პუდრის ნალექი, რომელსაც აშრობენ პირსახოცზე და იყენებენ როგორც ჩვეულებრივ პუდრას. შეიძლება სურნელოვანი ზეთის დამატება.
ბრინჯის პუდრა კანს ანაზებს, ხდის ხავერდოვანსა და ათეთრებს.