ქართული მითოლოგია - ფორუმი

GEORGIAN MODERN POETRY & ART

ოთხშაბათი, 07.12.2016, 9:15:26 PM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | ქართული მითოლოგია - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმი » Art Forum » მითოლოგია » ქართული მითოლოგია
ქართული მითოლოგია
KAXAთარიღი: ოთხშაბათი, 20.10.2010, 4:58:30 AM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ძველი ქართული მითოლოგიური ღვთაებანი და პერსონაჟები უხსოვარი დროიდან ქრისტიანობამდე.
 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 6:36:05 PM | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია

ადგილის დედა

ალი (მითოლოგია)

ამბრი

ამირანი (მითოლოგია)

არმაზი (ღვთაება)

ბარბალე

ბატონები

ბაყბაყ- დევი

ბედის მწერლები

ბერი-ბერა

ბერიკა

ბოსელი (ღვთაება)

ბოჩი

გაცი და გაიმი

გველისფერი

გიორგი (მითოლოგია)

დალი (მითოლოგია)

დამღვინებელი

დედაბერი

დევი

დობილნი

ვეშაპი (მითოლოგია)

ზადენი

თევდორე (ღვთაება)

იახსარი

კვირია

კოპალა

კუდიანი

ლომისა

მამბერი

მაცილი

მესეფები

მზეთუნახავი

მირსა - მითრა

მინდორთ ბატონი

მიჭპა

ნაწილიანი

ოჩოკოჩი

ოჩოპინტრე

პირქუში

რაში

როკაპი

თურქეთში მცხოვრები ჩვენებურის მოყოლილი როკაპზე

სამძიმარი

სახლის ანგელოზი

ტყაშმაფა

ფასკუნჯი

ქაჯი

ღმერთი (ქართული მითოლოგია)

ყამარი

წყარიშდიდა

ხვთისშვილი

ჯვარი

(ღვთაება)

ჯეგე

ჰარალე

 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 6:36:59 PM | შეტყობინება # 3
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
არმაზი

ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაებაა. არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.). არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ( IV ს.-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.

ამბრი

ამბრი არის ქართულ მითოლოგიაში გმირი, რომელიც გამოირჩევა უზარმაზარი ძალით, სიმაღლით და მასით. ამირანის შესახებ თქმულებათა ციკლში ამბრის უკავშირდება “ცოცხლად დამარხვის” მოტივი: ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი დაკრძალვის ადგილისკენ თორმეტ წყვილ ხარს მიყავს, გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხი გუთანივით ხნავს მიწას. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამბრის სახე მიწათმოქმედ მოსახლეობაშია წარმოშობილი. ამ ეპიზოდიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 12 ხარი წელიდადის 12 თვეს განასახიერებდა.

ბარბალე

ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებსს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.ბარბალეს ეს თვისებები ჰგავს შავი ზღვის პირეთში გავრცელებული ”დედა ღვთაების” კულტს.

ბოჩი

ქართველთა ძველი წარმართული ღვთაება. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმინდელთან გვხვდება. ი. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი ოჩს და ვოჩს (მამალ თხას - ვაცს) უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ბოჩი მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო.

ოჩოკოჩი

ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც იგი მის მოწინააღმდეგეს შუაზე ჭრის. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს. ხალხური ნაამბობი ოჩოკოჩი დიდია და ბანჯგვლიანი, მკერდზე ორი რქა აქვს გამოშვერილი. ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად. ოჩოკოჩი მწყემსთან მიდის, ცეცხლზე თბება.

ოჩოკოჩი და მეთევზე (მთქმელი ა. კვარაცხელია 70 წლის, სოფ. ნაკიფუ). ჩემს სახლში ერთხელ მუშაობდა მარტვილის რაიონიდან მოსული კაცი გრიშა ჯგერენაია. მან ასეთი ამბავი მოყვა: თურმე, გრიშას მეზობელი, ღამით, მდინარეზე დაგებულ ფაცერს დარაჯობდა. ცეცხლი ენთო და ღამეს ათევდა, ეშინოდა თევზი არავინ მომპაროსო. მდინარიდან მოესმა საშინელი ხმაური და წყლის დგაფუნი. წყლის შხეფები შორს იფანტებოდნენ, კაცმა ნახა, რომ აუარებელი თევზი დაცვენილა ფაცერზე. დაჭერილი თევზები ცეცხლის პირას დაუყრია. ცოტახანში თურმე ამ კაცთან მოსულა ოჩოკოჩი: კაცის ფორმის, დაბალი ტანის, ჩაფსკვნილი, ტანი ბალნით ჰქონდა დაფარული. ოჩოკოჩს უთქვამს ამ კაცისათვის: - ეს თევზი ნახევარი ჩემიაო. მეც ბევრი ვიშრომეო, დანარებიდან გამოვდენე ისინი ხელებით, ფეხებითა და ჯოხითაო. ამდენი თევზიო ოდესმე თუ დაგიჭერიაო შენი ფაცერით? შენც ხომ გესმოდა ცემი ხმაურიო. კაცმა არაფერი უპასუხა. საერთოდ ოჩოკოჩთან საუბარი არ შეიძლება. მერე ოჩოკოჩს თვითონ გაუყვია შუაზე ეს თევზი. თავისი წილიდან ცეცხლზე შეუწვია სამყოფი თევზი და შეუჭამია. მერე დარჩენილი თევზი თან წაუღია და წასულა.

 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 6:37:28 PM | შეტყობინება # 4
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ოჩოპინტრე

ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.

ზადენი

ქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ. წ. II ს-ის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ yazadan-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა. ზადენი(სოფელი) სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც (მესხეთი).

გაცი და გაიმი

ქართულ მითოლოგიაში ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდან მოუტანიათ. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, [გაცი]ს ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება.

ტყაშმაფა

ქართულ მითოლოგიაში ტყის მეფე-ქალია, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი. ხალხური წარმოდგენებით ტყაშმაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაშმაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ტყაშმაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაშმაფას დალისთან და უსახელო “ტყის ქალის” სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.
პოპულარული აღწერით, ტყაშმაფას გრძელი თეთრი თმები აქვს, რომელიც შიშველ ტანს უფარავს და კოჭებამდე წვდება. როცა ტყაშმაფა იცინის რძესავით თეთრი კბილები უჩანს. ტყაშმაფა ტყეში ცხოვრობს და ღამეულ მგზავრებს თუ შეხვდება და გამოელაპარაკება. ტყაშმაფას პასუხი არ უნდა გასცე ხელებით უნდა ელაპარაკო, თორემ ჭკუიდან შეგშლის.

ადგილის დედა

ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის (სოფლის, მთის, ხეობის, კლდის, ველის და სხვ.) მფარველი ქალღმერთი. ხევსურებს წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალის სახით, რომელიც ზრუნავდა სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზე. შესაძლებელია, წარსულში ადგილის დედა ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო და მისი კულტი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად მისი კულტი ღვთისმშობლის კულტს შეერწყა, აქედანაა მისი სახელებიც - ადგილის ღვთისმშობელი ან ღვთისმშობელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალების, ბავშვების, მონადირეთა და საქონლის მფარველს.

 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 6:38:34 PM | შეტყობინება # 5
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ბედის მწერლები

ქართულ მითოლოგიაში ღვთაება (ან რამდენიმე ღვთაება), რომელიც ადამიანის და ყველა სხვა სულიერ არსებათა ბედსაც განაგებს. ჯავახეთში გავრცელებული ზოგიერთი თქმულების მიხედვით (ლიზა თოთაძის გადმოცემით სოფელ ჩუნჩხიდან), ისინი ადამიანის ან სხვა სულიერის დაბადების შემთხვევაში ადგილზე იმყოფებიან და მას დაბადებისთანავე საკუთარ ბედს შუბლზე აწერენ ბედის მწერლები გარდაცვლილთა სამეფოში ცხოვრობენ და მუდმივად იყურებიან “ბედის წიგნში”. მზის ქვეშ ადამიანის ცხოვრების ბედით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ბედის მწერლები ამის შესახებ გარდაცვლილთა სამეფოს მბრძანებელს (სულეთის ღმერთს) აცნობებენ, რომელიც გზავნის შემხვედრებს (მგრებრებს), რათა ადამიანს ამოაცალონ სული და ჩააბრძანონ გარდაცვლილთა სამეფოში (სულეთში). ზოგჯერ ბედის მწერლები შეცდომით იძახებდნენ სულეთში ადამიანის სულს, რომლის დედამიწაზე ცხოვრების ვადა ჯერ კიდევ არ იყო გასული. ასეთ შემთხვევაში ისინი სულს სხეულს უბრუნებდნენ და ადამიანი აგრძელებდა ცხოვრებას მისთვის განკუთვნილი ვადით. არსებობენ გადმოცემები ადამიანთა შესახებ, რომლებმაც მოინახულეს გარდაცვლილთა სამეფო (მკვდარში ჩართულები), რომლებიც მიწაზე დაბრუნების შემდეგ წინასწარმეტყველები ხდებოდნენ და სულეთის ამბებს ჰყვებოდნენ. ბედის მწერლების ფუნქციები ზოგჯერ თვითონ სულეთის ღმერთს მიეწერებოდა.

ბერიკა

ქართულ მითოლოგიაში ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ღვთაება; უხშირესად თხის სახით წარმოიდგენდნენ. ბერიკა ნაყოფიერების და ბუნების აღორძინების საგაზაფხულო აგრარული დღესასწაულის - ბერიკაობის მთავარი პერსონაჟია, რომლის მონაწილენიც თხის და ცხვრის ტყავს იცვამდნენ, ჩლიქებს და რქებს იმაგრებდნენ და სახეს შავად იღებავდნენ.

დალი

ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.დალი სვანურად წარმოითქმის როგორც დალ— კლდის ტურფა ქალი, ნადირთა და მთაში ასულ მონადირეთა ბედის გამგებელი. ემორჩილება ჯიხვი, შუნი, არჩვი, ირემი, მათი მცველი და გამჩუქებელია. დალი უძველესი ქალღმერთია. შესაძლოა, მისი წინაპარი იყო შუმერთა დილბადი. აქვს შეხვედრები გერმანულ და სხვა ქვეყნის მითოლოგიასთან. პირველად ოჯახის კეთილი ქალღმერთი უნდა ყოფილიყო, შემდეგ მაცდურის, ავსულის, ჯადოქრის თვისებები მიიღო. მისი სახელ ცოცხალია ქართულ ფოლკლორში, უფრო სვანურში (ბეთქილი, დალე კოჯას ხელღვაჟალე და სხვა). სვანის ცხოვრება იმდენად იყო დაკავშირებული ჯიხვზე და არჩვზე ნადირობასთან, რომ ნადირთა ღმერთი და ქალღმერთიც შეუქმნია.
დალის სახელი ძრწოლვითა და პატივისცემით წარმოითქმის. მის საბრძანებელია უხვაანი, ლალცხატი — სალი კლდეები.დალები საშინლად სცემენ, ამოწყვეტენ კიდეც იმას, ვისაც გადაეკიდებიან, ვინც უღალატებს, მაგრამ ვისაც სწყალობენ, სასურველ ნადირს ახვედრებენ თუნდაც ყანაში. სვანები ასახელებენ პირებს, რომელთაც დალი სწყალობდა: სუმაშერების ისმას, დისელ ლევანს, ნუაშერების ნუას, სიხაოშერების მაკუს... ამ უკანასკნელს ხალხში გამოუჩენია დალის ნაჩუქარი რიდე, მაშინვე სანადიროდ წასვლის სურვილს მოუცავს, ორი მონადირის თანხლებით საჯიხვეები მოუნახულებია, ზვავს გადაუტანია, მხლებელნი გადარჩენილან. ზვავს გადაუტანია საძებნელად წასული 12 ვაჟკაციც. მეორე მონადირის, ნუას შვილს მამის სკივრი გაუღია, დალის ნაჩუქარი უნახავს, შინ დაბრუნებული ნუა ლოგინად ჩავარდნილა და ვეღარც ამდგარა. სიკვდილის წინ ყველა გარეთ გაუსტუმრებია. წყნარი მოთქმის ხმაზე ბიჭებს სარკმელში შეიჭყეტიათ და უნახავთ დალები მომაკვდავს რომ დასტიროდნენ და აცვამდნენ. სარკმელზე მტრედი მჯდარა, მთელი დღე გულსაკლავად ღუღუნებდაო, ხოლო ნუას ხელი, რასაც დალი გულში იკრავდა, ვეღარ გაუსწორებიათ (ბიჭებმა რომ ნახეს, დალები უეცრად გამქრალან).დალისა და აფსაათის სვანეთში თითქმის ისევე მტკიცეა, როგორც წმინდა გიორგის - ჯგირაგისა. სვანი მოხუცები მრავალ ცნობილ და უცნობ მითს ჰყვებიან დალზე. „დევებს თუ იცნობს“?-ეკითხებით. „აჰ, არა! დევის ცნობას დალი როგორ იკადრებს. დალი სხვაა, დევი სხვაა. ნადირების მშვენიერ ქალბატონი წმინდა ჭიუხებზეა, ბანჯგვლიანი დევი - ბნელ გამოქვაბულში“. მცდარია ო. სპენსერის აზრი, რომ დალ სვანთა ერთადერთი ღვთაებაა. დალი ფრიად ხორციელი, ვნებიანი ქალღმერთია, მოსიყვარულე დედა; ხიბლავს გამოჩენილ მონადირეებს, სიყვარულის ქსელში ახვევს და წყალობას არ აკლებს, მაგრამ თუ უღალატა, გასცა და გაამხილა ვინმემ, არ დაინდობს, ზვავს გაატანს ან კლდეზე გადაჩეხავს (ბეთქილი). დალის სიყვარული ნადირობაში წარმატების საწინდარია. კარგ მონადირეზე იტყვიან: „დალი ჰყავსო“. სვანურ მითებში, თქმულებებში, სიმღერებში ცოცხლობს არა ერთი, არამედ, რამდენიმე დალ (დალარ, მრ.). უფრო კი კენტად ზის კლდის ქიმზე, ლორელაის მსგავსად, ოქროს სავარცხლით ივარცხნის თავთუხისფერ თმას და მღერის ან ჩივის: შვილი გონგოფ-მგელმა მომტაცაო. მამაცი მონადირე გამოივლის, ესმის მოთქმა, მგელს დაედევნება, მოკლავს, დალ ოქროს ნაწნავებს გადმოუშვებს, შვილს აიყვანს, მერე მონადირეს დაიახლოვებს; როგორც ვნებიანი ქალღმერთი დალ ნიმფებსა და აფროდიტეს მოგვაგონებს. დალისა და დარჯელანის შვილია ქართველთა ეროვნული გმირი ამირანი.
მითი: სოფლის თავში ფრიალო კლდიდან ყოველდღე ქალის შემზარავი კივილი მოისმოდა (სიყვარულის ტკივილი). ამის გამგონე მაკე ძროხას ხბო არ შერჩებოდა, ცხენს კვიცი. მიწა იძვროდა. სოფელი შეწუხდა. მამაცმა დარჯელანმა იკისრა მწვერვალზე ასვლა, რომ სოფელი ეხსნა. მჭედელს სამი რკინის პალო გამოაჭედვინა, კლდეზე საფეხურები გაიკეთა, ავიდა. გამოქვაბულში დალი ნახა, ერთი ნახვით შეუყვარდა, დალიც დანებდა. მონადირემ კლდეზე ცოცვას მოუხშირა. ეჭვიანი ცოლი აედევნა, მძინარე ქმარსა და დალს თავზე წაადგა. დალს ოქროს ნაწნავებო ოქროს მაკრატლით შეაჭრა და მიატოვა. შეჭირვებულმა დალმა დარჯელნას უთხრა: ჩემი აღსასრული დადგა, მუცელი გამიჭერი, ბავშვი ამოიყვანე, კუროს ტყავში გაახვიე და სამი გზის შესაყარზე დააგდეო. მონადირემ ყველაფერი შეასრულა. გამოიარა სამმა წმინდა კაცმა, ბავშვი დალოცეს. მიხვდნენ რომ დალის ვაჟი იყო და ამირანი (მირიმი) უწოდეს, გასაზრდელად კი ისევ დარჯელანს გადასცეს. (შეადარეთ ყრმა ჰერაკლეს დაგდება დედისაგან გზაში, ათენას და ჰერას გამოვლა და შეცნობა იმისა, რომ ბავშვი ღვათაებრივია).

მზეთუნახავი

ქართულ მითოლოგიაში და ფოლკლორში ოქროსთმიანი მშვენიერი ქალი, რომელიც სასწაულებრივად იბადება მცენარეებიდან. მზეთუნახავი ჩაკეტილია ცხრა მთას იქით მიუვალ ციხე-კოშკში. გმირმა, რომ მოიპოვოს იგი, უნდა შეასრულოს ურთულესი დავალება ან გამოიცნოს მისი გამოცანები. ხშირად მზეთუნახავი მოჯადოებულია და გადაქცეულია ირმად, მტრედად, გველად. მისი მომაჯადოებელი ბოროტი არსების განადგურების შემდეგ მზეთუნახავი, ჯადოსნური სიტყვის ან მოქმედების შედეგად, თავის პირვანდელ სახეს იბრუნებს. მზეთუნახავი კეთილია და გამჭრიახი. ჯადოსნური საგნების მეშვეობით იგი ეხმარება გმირს, რომელსაც მიჰყვება ცოლად.

ჭინკა

მავნე ჯუჯა, მიწის ავსული, ღამეული არსება; "ქაჯი", ჰაერის მცველი, "მაცდურად იტყვიან გლეხნი" (სულხან-საბა). ქართულ მითოლოგიაში ამ ავსულს თავისებური მტკიცე ადგილი უჭირავს. დაახლოებით სკანდინავიური ტროლების, გერმანული გნომების, ასევე მორმოლიკების და ემპუსას რანგის მაცდურებია, საშიშნი სიმრავლითა და სიავით. ხალხურ მეტყველებაში ცქვიტის, მარდის და მოხერხებულის მნიშვნელობა აქვს მიღებული (მაგ.: "ჭინკა ბიჭი").
ჭინკობისთვე — სექტემბერია. ოქტომბერ-ნოებერი ჭინკების სათარეშოდ ითვლებოდა.

კუდიანები

ქართველთა მითოლოგიურ წარმოდგენებსა და ფოლკლორში გრძნეული ქალები. კუდიანები მახინჯები და კუზიანები არიან, დიდი კბილები და ეშვები აქვთ, მიწამდე სიგრძის თმები და მხრებზე გადაკიდებული ძუძუები. კუდიანებს ნებისმიერი სახის მიღება და ადამიანის მოჯადოება შეუძლიათ. ისინი ბნელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ და გადაადგილდებიან კატაზე, მამალზე, მგელზე ან სხვა ცხოველებზე ამხედრებულები ან გადაადგილებისთვის საყოფაცხოვრებო საგნებს იყენებენ - ქოთანს, როდინს, ცოცხს და სხვ. მათი წინამძღოლის - როკაპის დაძახებაზე კუდიანები ტაბაკონის მთაზე იკრიბებიან.

დევი

დევი არის ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ბოროტი სული. დევები თმით დაფარული ზოომორფული არსებები არიან რქებით და მრავალი თავით (სამიდან ასამდე). თავების რიცხვის ზრდასთან ერთად მათი ძალაც მატულობს. მოკვეთილი თავის ადგილზე ახალი ამოდის. დევები მიწისქვეშეთში ცხოვრობენ, მაგრამ შეიძლება მიწაზეც ცხოვრობდნენ და სასახლეებსა და სიმდიდრესაც ფლობდნენ. ჩვეულებრივ, ერთად ცხოვრობს შვიდი-ცხრა ძმა დევი. დევები მესაქონლეობას და ნადირობას მისდევენ, იტაცებენ და ატყვევებენ ლამაზ ქალებს. საქართველოს მთიელებში დევი მჩაგვრელის და დამმონებლის სინონიმის როლში გვევლინება, მათ ებრძვიან ადგილობრივი ღვთაებები. დევების ქალური პერსონიფიკაციები ნაკლებად ბოროტები არიან, ისინი იფარებენ მომხდურებს და იცავენ მათ თავისი კაციჭამია შვილებისაგან. დევი აგრეთვე, ქართული ხალხური ზღაპრების პოპულარული პერსონაჟი, ადამიანის მსგავსი ფანტატისკური არსება, ტანად დიდი და ღონიერი, ზოგჯერ მრავალთავიანი. განასახიერებს უმთავრესად ბოროტ ძალას. დევი მზეთუახავებს იტაცებს და ქვესკნელში ან ზესკნელში მალავს. ბევრი ზღაპრის გმირი გონებაჩლუნგ დევს ჯაბნის და კლავს.

მესეფები

მესეფებს მთიდან ფრინველები და ნადირები ჩამოჰყავთ. მესეფობა შემოდგომასაა. ერთად ექვსი მესეფიაო. სამი ქალია და სამი კაცი. ისინი ერთად არ ამოვლენ. მესეფებს მთიდან საქონელი და ფრინველები ჩამოჰყავთ ზღვის სანაპიროზე. სამ თბილ დღეს მოდენიან ზღვის ნაპირამდე. ზღვიდან მთისაკენ სამ ცივ დღეს მიდენიან იმ საქონელსა და ფრინველს, რომლებიც სიცივეს იტანენ (უძლებენ). ამიტომაა მესეფობა სამ დღეს. მესეფის ამოსვლით ამინდის გამოცნობა შეიძლება. მესეფობის დროს თუ კარგი ამინდია - საქონელი თეთრად გამოწყობილმა გოგოებმა მოდენესო, იტყოდნენ და ზამთარიც კარგი იქნებაო. ცუდი დღეები თუ იქნა - საქონელი ნაბდიანმა ბიჭებმა მოდენესო და ზამთარიც ძლიერ თოვლიანი იქნებაო. მესეფობაზეა დამოკიდებული (მიბმული) მონადირის ბედი. მესეფი მიუჩენს თავის წილ ნადირს მონადირეს. ნადირს ეტყვის: შენ ამისულუფა (თია) ყოფილიყვე, შენ კი იმისაო. მართლდება ხოლმე ეს. მონადირემ თუ სხვას ესროლა, ტყვია აცდება. მისთვის განკუთვნილს როცა ესვრის, ტყვია არასგზით არ აცდება. მესეფების სასახლე (მთქმელი ა. ქებურია - ჩხოროწყუ)
მესეფებზე ბაბუაჩემის ნათქვამი ვიცი. მესეფობა ოქტომბრის ბოლო სამ დღესა და ნოემბრის დასაწყის სამ დღეს არის. სულ ექვსი დღე. ჩემი ბაბუას დედის ძმა გვაძი შელია ყოფილა საჩინოში. წალობის დროს წასულა გარეული ტახის მოსაკლავად. ბევრი უვლია ტყეში აქეთ-იქით და ბოლოს დაღლილი ტყეში ერთ წაქცეულ ხეზე ჩამომჯდარა. შორიდან მეჯოგის ყიჟინის მსგავსი ხმა შემოესმა. შემდეგ სტვენის ხმაც გაუგია. ფრიველები და ტყის ნადირები ყველა ერთად მოდენილან, მაგრამ თუ ვინ იყო მათი პატრონი ეს ვერ გაუგია, თვალით ვერაფერს ხედავდა თურმე. ღორი წაბლთან მოსულა და მისი ჭამა დაუწყია. გვაძის თოფი დაუმიზნებია. ამ დროს ვიღაცას დაუძახია: - მე გამექეც, მაგრამ გვაძის ტყვიის ბედი ყოფილიყავიო. გვაძის უსვრია და ღორი წაქცეულა. - გამარჯობა გვაძიო! - უთხრა ვიღაცამ. მიუხედნია გვაძის და პირტიტველა ბიჭი უნახავს, რომელსაც თოფი ეკიდა მხარზე. გვაძი! ეს კერატი მე გაჩუქეო. შენ ამას ვერსად წაიღებ, მე გამომყევი, არ შეგეშინდეს, დამელაპარაკეო, გვაძი ვაჟკაცი იყო, გულიანი, დალაპარაკებია და თან უკან გაჰყოლია. ბევრი რომ უვლიათ, გვაძის უნახავს ერთი ეზო, რომელიც ირმის რქებით შემოღობილი. ჭიშკრად შექლესილი ჯიხვის რქები ეკიდა. გაუღია ამ ბიჭს კარი და ეზოში შესულან. თოფი გამოურთმევია გვაძისთვის და სახლში შეუყვანია. ცოტა ხნის შემდეგ ეს ბიჭი სხვანაირი ტანსაცმლით გამოსულა მეორე ოთახიდან და თხილის წნელით მოწნულ სკამზე დაუჯენია გვაძი. ისიც ისეთივე სკამზე დამჯდარა. შიგნიდან გოგოების სიცილისა და მხიარულების ხმა ისმოდაო. ბიჭი რომ დაიძახებდა "დოიტ-ს" სიცილის ხმა შეწყდებოდაო. იმ ბიჭს უთქვია: ისინი ჩემი დები არიანო. ქრისტიანის სუნს გრძნობენ და შენი ჭკუიდან შეშლა უნდათო, მაგრამ ამის ნებას მე მათ არ მივცემო. გვაძი ამდგარა და ეზოში გადაუხედია. უნახავს ერთი ძვლის მესერზე კაცი და მეორე ძვლის მესერზე ქალი იყო მიბმული. ქალს მოჭრილი კაცის თავი ეკიდა და კაცს კი ქალის მოჭრილი თავი ჰქონდა ჩამოკიდებული თხილის ტკეცისაგან დაგრეხილი თოკით. მიბმულები ერქინებოდნენ ძვლის მესრებს, მესრის ამოგდება სურდათ. ცოტას რომ მოარყევდნენ, მესერზე ბოლოქანქარა ჩიტი ჩამოჯდებოდა და აჯავრებდა ორივეს. იქვე ეგდო ცხენის ფეხის მსხვილი ძვალი. კაცი აიღებდა ამ ძვალს და დაჰკრავდა ჩიტს. ბოლოქანქარაგაფრინდებოდა, მორყეული მესერი კი ისევ გამაგრდებოდა ბოლომდე ჩაესობოდა. ამ ბიჭმა მითხრაო: ესენი ჩემი დედ-მააო. ერთხელ საქონლის გასადენად წავიდნენო. ერთმა კაცი მოიყვანა, მეორემ ქალიო. ორივე წაახდინეს, ჭკუიდან შეშალეს. ამის გამო ასეთი ბედი ვარგუნე ჩემს მშობლებსო. ისევ ჩამოვჯექი სკამზეო. მე თვალით რომ ვერ ვხედავ ისე, ხელი დამაბანინეს, ხელსახოცი მომცეს, საჭმელები წინ დაგვიწყვეს, მაგრამ ვის როგორ მოჰქონდა ამას კი თვალით ვერ ვხედავდიო. ჭამის დროს იცინოდნენ, მაგრამ მე ეს ბიჭი მიცავდა და ხელს ვერ მახლებდნენო. დამიგეს საწოლი და დამაწვინესო. ვიფიქრე: რა დამემართება ვინ იცის და ჯობია არ დავიძინო, მაგრამ დამძინებოდა და მეორე დღეს მზე რომ ამოიწვერა, გამეღვიძაო. საუზმე მაჭამეს. დაღამებამდე ვილაპარაკეთ. როცა დაღამდა, ის ბიჭი ისევ ისე გამოეწყო, როგორც პირველად ვნახე, ჩემი თოფი მომცა და მითხრა: - წავიდეთ ახლა შენ კერატთანო. წასულან. ტყეში გვაძის უცვნია თავისი ნაჯდომი ხე. - გვაძი! შენი კერატი აგერ აგდია. ახლა შენთვის მომიცია ნადირობის ბედიო: ეს ამბავი (რაც შეგემთხვა) არსად არ თქვა, თორემ მოკვდებიო. მეორე დღეს გვაძის ბიჭები წამოუყვანია კერატის წასაღებად. გვაძის უთქვია: წუხელ წაბლის ხეზე გავათენე ღამეო, მოუტყუებია. ბაბუაჩემმა თქვა: ეს ამბავი გვაძის სიბერემდე არ უთქვამსო. ბოლოს თქვა და მერე მოკვდაო. ის ბიჭი მესეფი იყოო. იმ წელს ბიჭები ამოსულან და ზამთარიც ძლიერი (მაგარი) ყოფილა. მესეფობის დღეებში თუ წვიმებია ბიჭი მესეფებია ამოსული და ზამთარიც მაგარი იქნება. თუ წვიმები არ იქნა ქალი მესეფები იქნებიან ამოსული და ზამთარიც კარგი იქნება.

 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 6:39:05 PM | შეტყობინება # 6
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
წყარიშდიდა

წყარიშდიდა (წყარიშმაფა) ცხოვრობს ღელეში, ჭონჭყო ადგილებში, ტეხურში ის არ ცხოვრობს. ნახევარი (ქვევითა ნაწილი) თევზის ფორმისაა, ნახევარი (ზედა ნაწილი) ქალისა. წყარიშმაფამ თუ წინ გაგიარა და შენ მისი ნაკვალევი გადაკვეთე. უსათუოდ უჟმური შეგეყრება. ტყაშმაფა ქალია და ტყეში ცხოვრობს. წყარიშმაფა წყალში ცხოვრობს და უფრო თევზსა და ბაყაყს ჰგავს. ადამიანს ავადმყოფობას შეყრის ხოლმე.
წყარიშმაფას მოჭრილი თმა (მთქმელი ჟ. ბოკუჩავა, სოფ. ლესიჭინე) ერთ ბიჭს უნახავს წყარიშმაფა. წყარიშმაფას სახელი დაუძახია - ხუტუ, ხუტუო! ამ ბიჭს მათრახი მოუქნევია წყარიშმაფასთვის . მას კივილი დაუწყია და ამ ბიჭის ოჯახი დაუწყევლია: "სახლში არც ერთი ცოცხალი არ დაგხვედროდესო." მართლაც ყველა ამოწყვეტილა. წყარიშმაფა ერთ ღამეს განუწყვეტლივ კიოდა თურმე. ამ ბიჭს გაუგონია კივილი და მისულა. წყარიშმაფას უთქვამს: "სავარცხელი მომაძებნინეო." ამ ბიჭს უთქვამს: შენ რატომ დაწყევლე ჩემებიო და მაკრატლით თმა მოუჭრია და ცეცხლში დაუწვავს. წყარიშმაფას ძალა დაუკარგავს და ჩვეულებრივ ქალად ქცეულა.
წყლის დედა კივილით გაურბის დადევნებულ მგლებს . იტყოდნენ: წყალში ცხოვრობს (ზის) წყლის დედაო. იგი წინათ უნახავთ საკუთარი თვალით ერთ ღამეს, ქურდი კაცი მიდიოდა გზაზე და ნაქურდალ საქონელს მოდენიდა. გზა წყლის პირს მიჰყვებოდა. უცბად საშინელი კივილი შემოესმა. იფიქრა, ალბათ ქალიშვილი მოიტაცა ვიღაცამ და ის ქალია, რომ კივისო (მიჰკივისო). შეშინდა ქურდი და ტყის სიღრმეში შევიდა. ისევ გაისმა კივილი. ახლა უფრო ახლოს ისმოდა კივილის ხმა. დაინტერესდა ეს კაცი. ნახა, რომ წყალს მოაპობს წყლის დედოფალი (წყარიშმაფა), აქეთ-იქით ნაპირზე მგლები მისდევენ.ახლოს რომ მივიდა, ნახა, რომ ქალს არაფერი აცვია, ძალიან თეთრი ტანი და გრძელი თეთრი თმა აქვს. ამ თმით მთელი ტანი აქვს დაფარული. მდინარის ნაპირთან ყოფილა ღრმა დინება, ჩასაყვინთი მორევი. აქ რომ მისულა ეს ქალი, უცბათ გამქრალა, დაკარგულა. ალბათ, მგლებს გაექცა, თავის სამყოფში მიიტანა თავი.

ფასკუნჯი

ფასკუნჯი (რუს. Жар-птица, ინგლ. fire-bird) — ქართულ და ზოგიერთ სლავურ მითოლოგიასა და ფოლკლორში დრაკონის მსგავსი ფრინველი. ფასკუნჯთან დაკავშირებული ადრეული მითოლოგიური მოტივები არ შემონახულა. უფრო გვიანდელ ტრადიციებში ფასკუნჯის სახემ ფრინველ სიმურგის შესახებ ირანული წარმოდგენების მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა. ფასკუნჯი უზარმაზარი ძალით და გაუმაძღრობით გამოირჩევა. მის ფრთებს მაგიური ძალა აქვთ. ფასკუნჯის ფრთის შეხება ჭრილობას კურნავს. ფრთის დაწვით მისი გამოძახება შეიძლება. ფასკუნჯი ქვედა სამყაროში ცხოვრობს და მისი შვილების გველეშაპისგან გადარჩენის სამაგიეროდ გმირი ზევით ამოჰყავს. ფოლკლორში დემითოლოგიზებული ფასკუნჯი ადამიანურ არსებას ემსგავსება. არსებობს აგრეთვე წარმოდგენები ბოროტი ფასკუნჯების შესახებ, რომლებიც დევების მსგავსად მტრობენ ადამიანებს.

ალი

ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულები, რომლებიც ვნებენ მშობიარეებს, ახალშობილებს, მარტოხელა მგზავრებს და სხვებს. ალები შეიძლება როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის ყოფილიყვნენ. მათ საშინელი შესახედაობა ჰქონდათ (სპილენძის კბილები, შუშის კვალი, დასვრილი თმა). გადმოცემის თანახმად, ალები ცხოვრობენ ტყეში, კლდეებში, ნანგრევებში, შედიან თავლებში, ზოგჯერ მსხვერპლს, რომელსაც ახლო ნათესავის სახით ეცხადებიან, წყალში იტყუებენ. ქალ ალებს (ალქალებს) იგივე ფუნქციები აქვთ, თუმცა ნაკლები ფიზიკური ძალა გააჩნიათ. ზოგჯერ მათ ქალღმერთ დალის ფუნქციები მიეწერებათ და მის მსგავსად, მშვენიერი ოქროსთმიანი ქალის სახით ეცხადებიან თეთრ კაბაში. ალი ერთგული მსახური ხდება ადამიანის, რომელიც მას თმას და ბრჭყალებს დააჭრის.

ბარბალე

ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებსს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.ბარბალეს ეს თვისებები ჰგავს შავი ზღვის პირეთში გავრცელებული ”დედა ღვთაების” კულტს.

ბერი-ბერა

ქართულ მითოლოგიაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში (მთიულეთში, გუდამაყარში) ანთროპომორფული ღვთაება, რომელიც მოსავლის მფარველია და საქონლის ნაყოფიერებას და მოსახლეობის ზრდას უწყობს ხელს. ბერი-ბერა აგრარული კალენდარული დღესასწაულების ერთ-ერთი პერსონაჟია. წინასაახალწლო რიტუალის დროს მამაკაცთა შორის უფროსი, რომელიც ბერი-ბერას განასახიერებდა, სახლში ჯოხზე გადამჯდარი (ბერბერა) შედიოდა მისალმებებით და კეთილი სურვილებით.

ბოსელი

ბოსელი, ბოსლა, ბოსლე (სვან. ბოსლო ||ოსლო, ბამბღუ, ბეიმღუ, ბომბღა||ბობღა), ნაყოფიერებისა და გამრავლების წარმართული ღვთაება ძველ საქართველოში. მისი კულტი ასახულია ბოსლობის დღეობაში. ბოსელის უმთავრეს ფუნქციას შეადგენდა საქონლის გამრავლება და მფარველობა. ამიტომ მას "საქონლის ბატონის" და "საქონლის ანგელოზის" (უფრო ადრე სავარაუდოა "საქონლის პატრონი", "საქონლის უფალი") ეპითეტებითაც მოიხსენიებდნენ. ბოსელი თავდაპირველად ცხოველური სახის არსებად, კეროდ, ხარად უნდა ჰყოლოდათ წარმოდგენილი, ქართველი ხალხის ასტრალური რელიგიის მაღალ საფეხურზე, რომელიც განვითარებულია მიწათმოქმედებისა და სათანადო სოციალური წყობილების ზედნაშენს წარმოადგენს, ბოსელი სამიწათმოქმედო მეურნეობას დაუკავშირდა, ასტრალურ ღვთაებათა წრეში მოექცა და ანთროპომორფული სახე მიიღო. ამ საფეხურზე მნიშვნელოვნად გაფართოვდა ღვთაების ფუნქციები და მისი მსახურების ფორმები, რაც ახალწლის ციკლის დღეობებში უფრო მრავალფეროვნად გამოვლინდა. დროთა ვითარებაში ღვთაება ბოსელი გარდაიქმნა "დიდ ღმერთად" (სვან. ხოშა ღერბეთ, ფუსნაბუასდია), რომლის კულტი ხარისა და მზის კულტების შერწყმის ნიადაგზე ჩამოყალიბდა ასტრალური სარწმუნოების განვითარების გვიანდელ საფეხურზე. დროთა განმავლობაში ქრისტიანობის ზეგავლენით ბასილის (ბასილას) თანაზიარი გახდა და ასე იხსენიებოდა ქართულ საახალწლო რიტუალებში.

 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 6:39:25 PM | შეტყობინება # 7
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ბატონები

ბავშვთა გადამდებ ავადმყოფობათა (წითელა, ყვავილი, ქუნთრუშა, ყივანახველი) საერთო ხალხური სახელწოდება. ქართველთა ძვ. რელიგიური შეხედულებით, ამ სნეულებას იწვევდნენ ანთროპომორფული სახის პატარა ზებუნებრივი არსებები ე. წ. ბატონები, ანგელოზები, დაავადებებსაც შესაბამისად ყვავილ-ბატონები, წითელა-ბატონები, ხველა-ბატონები და ა. შ. ეწოდებოდა. მორწმუნეთა წარმოდგენით, ბატონები ამა თუ იმ სოფელში მობრძანდებოდნენ და რომელ ოჯახსაც ეწვეოდნენ, იქ ავადმყოფობა ჩნდებოდა; სწამდათ, რომ მათ მუსიკა, ცეკვა, ყვავილები, ტკბილეულობა უყვარდათ და, თუ სურვილს აუსრულებდნენ, დაავადებაც იოლად გაივლიდა. ამიტომ ავადმყოფის პატრონები ბატონების გასამხიარულებლად მართავდნენ საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულ ე. წ. "ბატონების ხეს" , დგამდნენ ტკბილეულით გაწყობილ ტაბლას, უკრავდნენ ფანდურზე , მღეროდნენ ბატონების საგალობელს "ბატონებო", ცეკვავდნენ და გარკვეულ აღკვეთებს იცავდნენ. ბატონები, ქართველთა უძველესი ნაყოფიერების ღვთაება, დიდი დედა ნანას შვილებად მიაჩნდათ და მსგავსად "დობილებისა" "ნაწილიან ღვთაებებად" ითვლებოდნენ.

გველისფერი

ქართულ მითოლოგიაში ღვთაების დამხმარე, რომელიც ჯაჭვით დაბმული გველის ან გველეშაპის სახით გვევლინება. გველისფერი განგმირავს ღვთაების მტრებს, ხოლო მის ერთგულ მსახურებს გასაჭირში ეხმარება. ამასთან ერთად, ჯაჭვიდან აშვებული გველისფერი სჯის ღვთაების ურჩ თაყვანისმცემლებს.

დედაბერი

ქართულ მითოლოგიაში და ფოლკლორში მოხუცი ქალები. ზოგი მათგანი კაცთმოყვარეა, კეთილგანწყობილი და ეხმარება გმირებს, ზოგი კი პირიქით, ადამიანთა მიმართ მტრულად არის განწყობილი. ამ უკანასკნელთ ემორჩილებიან ბუნებრივი სტიქიები, რომელთაც ისინი იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ გმირს მიზნის განხორციელებაში.

დობილნი

ქართულ მითოლოგიაში (აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში) ღვთაებათა დამხმარე სულები. გადმოცემების თანახმად, დობილნი პატარა ბავშვების და ქალების სახეს იღებენ. მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს ისინი მოლზე გამოდიან ბურთის სათამაშოდ. შემთხვევით მათ შორის მოხვედრილ ადამიანს ისინი თელავენ, რის შედეგადაც იგი ავად ხდება. როდესაც მთის მწვერვალებიდან მზის პირველი სხივები გამოჩნდება ხოლმე, დობილნი სოფლებს შეესევიან და მათ მცხოვრებლებს ავადმყოფობებს უგზავნიან. დობილნი ძირითადად მხოლოდ ქალებს და ბავშვებს ვნებენ, რადგან მამაკაცებს ვერ უმკლავდებიან. სოფლებში მათდამი მიძღვნილი სპეციალური სამლოცველოები შენდებოდა ხოლმე.

ვეშაპი

ქართულ მითოლოგიაში და ფოლკლორში ზოომორფული არსებები, ურჩხულები. ძველ კოლხეთში უზარმაზარი თევზის სახით გამოსახავდნენ. ხშირად ვეშაპი მრავალთავიანი არსების სახით გვევლინება. განარჩევენ თეთრ, წითელ და შავ (ყველაზე ძლიერ) ვეშაპებს. ვეშაპები წყლის სტიქიასთან არიან დაკავშირებული და იტაცებენ წყალს ჭებიან, მდინარეებიდან, ტბებიდან, წყლის სარგებლობისთვის ითხოვენ ქალწულის მსხვერპლად შეწირვას. ისინი შთანთქავენ მზეს, მტრობენ კეთილ გმირებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათთან მარცხდებიან. ვეშაპების ბოროტი ფუნქციები ხშირად დევებზე გადადის. ზოგ სიუჟეტში გმირების მფარველთა როლში გვევლინებიან, მაგრამ მათი საჩუქრები გმირებისთვის აკრძალვას შეიცავს. გმირის მიერ აკრძალვის დარღვევა მის სიკვდილს იწვევს. ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში ვეშაპი ურწმუნოების და კერპთაყვანისმცემლობის სიმბოლოა.

იახსარი

იახსარს უკავშირდება გამარჯვება დევებზე, რომლებიც ავიწროებდნენ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას, ბილწავდნენ მათ სალოცავებს, პატივს ჰყრიდნენ მათ ქალებს, კლავდნენ ბავშვებს. ამით შეწუხებულმა მთიელებმა თავიანთ ღვთაებებს მიმართეს და სთხოვეს დახმარება დევების განდევნაში. ღმერთის კართან სათათბიროდ შეკრებილმა ხვთისშვილებმა უზენაეს ღმერთს დევების დასჯა სთხოვეს. წინამძღოლის ასარჩევად ღმერთმა ხვთისშვილთა ძალა გამოსცადა. შეჯიბრში იახსარმა და კოპალამ გაიმარჯვეს, რომლებიც ჩაუდგნენ კიდევაც ლაშქრობას სათავეში. მათ გაანადგურეს დევების ჯარი, მოკლეს მათი გოლიათები მუზა და ბეღელა. ამის შემდეგ დევები უხილავნი გახდნენ და სამუდამოდ მიატოვეს მათი მიწები.

კვირია
ქართულ მითოლოგიაში ღვთაება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით კვირია ლოკალური სათემო ღვთაებების - ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. კვირიას საპატივცემულოდ ეწყობოდა დღესასწაულები კვირიცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, მსხვერპლის შეწირვით და საკულტო ნადიმებით. დღესასწაულების დროს მწვანე ტოტებით ქოხებს აშენებდნენ. დასავლეთ საქართველოს მთიელებში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაებაა. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც რვა ცალკეულ რიტუალს შეიცავდა. დღესასწაულთა დროს აშენებდნენ თოვლის კოშკს, აწყობდნენ მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომლებშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია აგრეთვე უზენაეს ღვთაებად გვევლინება, რომელიც ზეცას და ზეციურ წყალს განაგებს. კვირიას ჰიმნს გვალვის დროს მღეროდნენ, რომ წვიმა მოსულიყო.

კოპალა

მორწმუნეთა წარმოდგენით, კოპალა გაღვთიშვილებულ ხორციელად ითვლებოდა, რისთვისაც იახსართან ერთად მორიგე ღმერთს დაუკისრებია ფშავ-ხევსურეთის (ამ შემთხვევაში კოპალა ხევსურული, ხოლო იახსარი ფშავური ღვთაებაა) ტერიტორიაზე ოდესღაც მობინადრე დევ-კერპების განადგურება. მასვე მიაწერენ ავსულებთან ბრძოლის ფუნქციას, საკუთარი საყმოსა და სხვა ხორციელთა დაცვის ბოროტი ძალებისაგან. იმავე წარმოდგენით, კოპალა, როგორც სათემო ღვთაება, თავის ყმებს მფარველობდა გასაჭირში, თან ახლდა ლაშქრობებში და ხელს უმართავდა. ამ ფუნქციათა დამთხვევის გამო კოპალა და იახსარი მოძმე ღვთიშვილებად მიაჩნდათ. კოპალას ჰქონდა მამულები, სათიბები, ზვრები კახეთში, კურატების ჯოგი, სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივ-საკულტო ნაგებობანი, სამეურნეო ინვენტარი, ფლობდა განძს და ა. შ.

მამბერი

ქართულ მითოლოგიაში მგლების მბრძანებელი. თაყვანს სცემდნენ სვანები და დასავლეთ საქართველოს სხვა მთიელები. როდესაც მამბერი კმაყოფილი იყო ადამიანებით, იგი მგლებს პირს უკრავდა, ხოლო განრისხების ჟამს, პირიქით, საქონელზე მიუშვებდა ხოლმე მათ.

მაცილი

ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულები საიქიოდან. აშინებენ მგზავრებს და მონადირეებს, ააცდენენ მათ სწორი გზიდან, კლავენ ბავშვებს, აჯადოებენ ადამიანებს და საქონელს. მაცილებს მოსდევს კოპალა, რომელიც მათ კეტით და მშვილდ-ისრით კლავს. მაცილთა დედა ზოგჯერ დევების დედად მოიხსენიება; მას ეძღვნება სალოცავი სოფელ როშკაში, სადაც ქალები მსხვერპლად სწირავენ ცხოველებს.

მინდორთ ბატონი

ქართულ მითოლოგიაში მინდვრების და ველური ყვავილების მფარველი. მინდორთ ბატონს მშვენიერი ქალიშვილი ჰყავს (მინდორთ მბრძანებელი), რომელიც იმდენად მსუბუქია, რომ ყვავილებზე დადის; იგი მცენარის მტვრით იკვებება და მცენარის წვენს სვამს. ხალხური გადმოცემებით, მინდორთ ბატონის ქალიშვილი იღუპება, როდესაც მას ადამიანი დაიჭერს.

მიჭპა
ქართულ მითოლოგიაში (სვანებში) ღვთაება - მსხვილი რქოსანი საქონლის მფარველი ზამთრის პერიოდში.

ნაწილიანი

ქართულ მითოლოგიაში ადამიანი ან ცხოველი, რომელსაც ბოძებული აქვს ღვთაებათა წმინდა ნიშნები (ნაწილები). ცის ან მზის ღვთაება მას უბოძებს მზის გამოსახულებას, მთვარის ღვთაება - მთვარის ნიშანს და ა.შ. ნაწილიანებმა უნდა დამალონ მათი “წილები”, რომლებიც, როგორც ითვლებოდა, განლაგებულია მათ ბეჭებქვეშ მანათობელი ნიშნის ან სანთლის სახით. ნაწილიანის შესახებ წარმოდგენები, სავარაუდოდ უხსოვარ წარსულში წარმოიშვა; ეს დასტურდება არქეოლოგიური მასალით, რომელიც გვიანი ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანას ეკუთვნის: ბრინჯაოს ქამრებზე ასახულ მითოლოგიურ სცენებში ფიგურირებენ ადამიანები ასტრალური ნიშნებით მხრებზე და ბარძაყებზე. ნაწილიანის კულტი ასახვას ჰპოვებდა ასტრალურ ღვთაებებთან ბავშვთა ზიარების რიტუალებში. სავარაუდოდ, ნაწილიანის შესახებ წარმოდგენებს უკავშირდება მეფეთა და დიდგვაროვანთა სამოსზე და აღჭურვილობაზე ასტრალური სიმბოლოების აღბეჭდვის ტრადიცია, რაც თითქოს მათაც ნაწილიანის კატეგორიას აკუთვნებდა.

პირქუში

ქართულ მითოლოგიაში ღვთაებრივი მჭედელი. სახელი და ეპითეტი (ცეცხლოვანი) პირქუშის ქტონურ ძალებთან (დევებთან, ქაჯებთან და სხვ.) კავშირზე მიუთითებს. დევების მიერ დატყვევებული პირქუში მათთვის იარაღს, ოქროს და ვერცხლის საგნებს ჭედავს. ტყვეობიდან პირქუშს იხსნის იახსარი მისთვის ზარის დამზადების პირობით. პირქუშს მიეწერება ფიალების, თასების, ქვაბების და სხვა საგნების დამზადება.

პირქუშის სალოცავები დაწესებულია ფშავსა (სოფ. ახადი) და ხევსურეთში (სოფ. ბაცალიგო).

რაში

ქართულ მითოლოგიაში გმირების სწრაფი და ყოვლისშემძლე ცხენი; მათ სახელს ირანული და ტაჯიკური მითო-პოეტური ტრადიციების ლეგენდარული ცხენის რახშის სახელთან მივყავართ. რაშები არაჩვეულებრივად ჩნდებიან: ისინი იბადებიან ადამიანის კუნთებიდან, ამოდიან ზღვიდან, იზრდებიან მიწიდან. განარჩევენ მიწიერ, ზღვის და ზეციურ რაშებს. მიწიერი რაშები კეთილი ფუნქციებით ხასიათდებიან, გამჭრიახები არიან და წინასწარმეტყველური უნარი აქვთ; ისინი ეხმარებიან გმირებს და მათ ყველა დავალებას ასრულებენ. ზღვის რაშები ველური ბუნებით ხასიათდებიან; გმირებს ისინი ზღვის სიღრმიდან ჯადოსნური აღვირით ან მიწიერი რაშების დახმარებით ამოჰყავთ. ზღვის რაშის რძე სამკურნალოა, მაგრამ მისი მოპოვება ხიფათთან არის დაკავშირებული. ზეციური რაშები ჩვეულებრივ ფრთოსანნი და ცეცხლისმფრქვევლები არიან. მათი გახედვნა ძალიან ძნელია, მაგრამ მოთვინიერების შემდეგ გმირების ერთგული მსახურნი ხდებიან და მათ ყველა სურვილს ასრულებენ.

როკაპი

ქართულ მითოლოგიაში კუდიანების მეთაური, რომლებსაც მისთვის ადამიანთა გულები მოაქვთ. ღმერთის მიერ დასჯილი როკაპი მიწაში ღრმად ჩასობილ რკინის ბოძზეა მიბმული. როკაპი ყოველ წელს ცდილობს ბოძის ამოგლეჯას და განთავისუფლებას, მაგრამ როდესაც თითქმის ახერხებს ამას, ბოძზე ჩიტი ჯდება; როკაპი მას ჯოხს მოუქნევს, ჩიტი გაფრინდება, ხოლო ბოძი კვლავ ღრმად ჩადის მიწაში.

ქაჯი

ქართულ მითოლოგიაში სულები; უსიამოვნო გარეგნობის ანთროპომორფული არსებები. ქაჯების მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქაჯეთი ეწოდება. ქაჯებს შეუძლიათ დღის - ღამედ, ღამის კი - დღედ ქცევა, ზღვაზე ქარიშხლის გამოწვევა, ისინი ძირავენ ხომალდებს, თავისუფლად გადაადგილდებიან წყლის ზედაპირზე, გადაქცევის და გაუჩინარების უნარი აქვთ. განარჩევენ მიწიერ და წყლის ქაჯებს. მიწიერი ქაჯები ტყეებში და მიუვალ კლდეებში ცხოვრობენ, მტრობენ ადამიანებს, სასიკვდილოდ სცემენ ან აგიჟებენ მათ. წყლის ქაჯები მდინარეებსა და ტბებში ცხოვრობენ. ისინი ნაკლებ ბოროტები არიან და ხშირად ეხმარებიან მეთევზეებს. ქალი-ქაჯები სილამზით გამოირჩევიან, ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობებს ამყარებენ, ხშირად უბედურებისაგან იხსნიან მათ, მიყვებიან ცოლად გმირებს.

თანამედროვე ქართულ ენაში ქაჯი იხმარება ადამიანის მისამართით, რომელმაც არ იცის ან ხშირად არღვევს მიღებული ქცევის ნორმებს.

ყამარი

ქართულ მითოლოგიაში ციური ქალწული, ამირანის შესახებ თქმულებების პერსონაჟი. ყამარის გარეგნობა და ხასიათი მზეთუნახავისას წააგავს. ყამარი კეთილი არსებაა, ერთგულად უყვარს ამირანი, რომელიც იტაცებს მას ზღვისიქითა ქვეყნიდან, ამარცხებს რა მამამისს - ამინდის და საავდრო ღრუბლების მეუფეს და ქაჯების მბრძანებელს. ყამარი მას შემდეგაც ელის თავის შეყვარებულს, რაც მას კლდეზე მიაჯაჭვავენ. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ყამარის მოტაცება ზეციური ცეცხლის მოტაცებას განასახიერებს (აქედან სიუჟეტის დაკავშირება ბერძნულ პრომეთესთან).

ჰარალე

ქართულ მითოლოგიაში მოსავლისა და ნაყოფიერების ღმერთი. ამ სახელიდან მომდინარეობს სიმღერის ტექსტი „ჰარი, ჰარალე“.

 
ფორუმი » Art Forum » მითოლოგია » ქართული მითოლოგია
გვერდი 1 დან1
ძებნა: