GEORGIAN MODERN POETRY & ART

პარასკევი, 11.10.2024, 12:20:20 PM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ხორხე ლუის ბორხესი - ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან (დღეს მისი იუბილეა)
12:00:52 PM
ხორხე ლუის ბორხესი - ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან (დღეს მისი იუბილეა)

ხორხე ლუის ბორხესი

"ბედნიერებას ნებისმიერ წამს უნდა მოელოდე”
ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან


  ვინმემ რომ მკითხოს, რა არის თქვენი ცხოვრების უმთავრესი მოვლენაო, იმწამსვე მამაჩემის ბიბლიოთეკას დავუსახელებ. ასე მგონია, ახლაც იქა ვარ, იმ სამყაროში, თვალდახუჭულსაც შემიძლია მისი დახატვა: ეს იდუმალი ნავსაყუდელი შემინულ კარადებიან ოთახში იყო განთავსებული და რამდენიმე ათასეულ ტომს ითვლიდა. ახლომხედველი ვარ და საგრძნობლად მიჭირს ადრინდელ ნაცნობთა სახეების გახსენება (ის კი არადა, ბაბუაჩემზე, ასევედოზე როცა ვფიქრობ, მისი სურათი მიდგება თვალწინ, და არა თვითონ), ჩემბერსისა და ბრიტანულ ენციკლოპედიათა გრავიურების უმრავლესობას კი ქვეყნად ვერაფერი დამავიწყებს.
"ჰეკლბერი ფინი” იყო პირველი ნაწარმოები, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე. მას "კალიფორნიის დაუვიწყარი დღეები” მოჰყვა, შემდეგ - კაპიტან მარიეტის თხზულებანი, უელსის "პირველი ადამიანები მთვარეზე”, დიკენსის, პოს და ლუის კეროლის ნაწარმოებები, ლონგფელოს ერთტომეული, "განძთა კუნძული”, "დონ კიხოტი”, "ტომ ბრაუნის სკოლის წლები”, ძმები გრიმები, ამჟამად სრულიად მივიწყებული "მისტერ ვერდანტ გრინის თავგადასავალი”, ბერტონის მიერ თარგმნილი "ათას ერთი ღამის” ზღაპრები. მოგეხსენებათ, ეს შესანიშნავი ნაწარმოები უწმაწურობის და უხამსობის განსახიერებად იყო მიჩნეული, მეკრძალებოდა მასთან მიახლოება და მეც მალულად ვკითხულობდი, ჩვენივე სახლის სახურავზე მიყუჩებული… ჩემთვის უცნობი, ჯადოსნური სამყარო მიტაცებდა. ვფიცავ, რაიმე დასაძრახს ვერც კი ვამჩნევდი, ზღაპრებს ვკითხულობდი ფრთაშესხმული, ეს იყო და ეს, სხვა არაფერი მაინტერესებდა. ყველა ეს წიგნი ინგლისურ ენაზე წავიკითხე და მერე, როცა "დონ კიხოტს” ორიგინალში გავეცანი, მომეჩვენა, რომ უვარგის თარგმანს ჩავკირკიტებდი. კარგად მახსოვს გარნიეს გამომცემლობის პატარა წითელი ტომები, მოხდენილი და ოქროს ნატვიფრიანი. ერთი ხანობა რაღაც ცვლილება მოხდა მამაჩემის ბიბლიოთეკაში და როცა ამ წიგნის სხვა გამოცემა წავიკითხე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ეს არ იყო ნამდვილი "დონ კიხოტი”. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მეგობარმა მაჩუქა გარნიეს მიერ გამოცემული წიგნი, ჩემთვის ნაცნობი გრავიურებით, შენიშვნებითა და მცდარბეჭდილებით. ყველა ეს დეტალი ნაწარმოების განუყოფელი ნაწილი იყო ჩემთვის, მუდამ ასეთად წარმომედგინა ნამდვილი "დონ კიხოტი”.
ესპანურ ენაზე მაქვს წაკითხული ედუარდო გუტიერესის თხზულებანი თავზეხელაღებულ ყაჩაღებზე (მათ შორის საუკეთესოდ "ხუან მორეირას” დავასახელებდი), მისივე "სამხედრო სილუეტები”, სადაც შთამბეჭდავად იყო აღწერილი პოლკოვნიკ ბორხესის აღსასრული. ისიც უნდა ვთქვა, რომ დედაჩემმა ამიკრძალა "მარტინ ფიეროს” გადაკითხვა, ეს წიგნი მხოლოდ უწლოვან ხულიგნებს თუ გაიტაცებს, თანაც ჭეშმარიტ გაუჩოებზე არ მოგვითხრობსო. მისი ასეთი განწყობა იმით აიხსნებოდა, რომ ერნანდესი როსასის მიმდევარი გახლდათ, ანუ მტერი ჩვენი უნიტარი წინაპრებისა. ცხადია, ამ წიგნსაც მალულად ვკითხულობდი. მოგვიანებით გავეცანი სარმიენტოს "ფაკუნდოს”, გარდა ამისა, ნაწარმოებებს ძველბერძნულ და სკანდინავიურ მითოლოგიაზე. აი პოეზია კი, ინგლისურად წავიკითხე: შელი, კიტსი, ფიცჯერალდი, სუინბერნი. ყველა მათგანზე ჭკუას კარგავდა მამაჩემი, ზეპირად ახსოვდა მათი ლექსებისა თუ პოემების საკმაოდ ვრცელი მონაკვეთები და ციტირებაც უზომო სიამოვნებას ანიჭებდა.
სხვათა შორის, მამაჩემის თითქმის ყველა წინაპარი და ნათესავი ლიტერატურის დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. მისი ბაბუის ბიძაშვილი, ხუან კრისოსტომო ლაფინური ერთ-ერთი პირველი არგენტინელი პოეტი იყო, ავტორი ოდისა გენერალ მანუელ ბელგრანოს აღსასრულზე. მამაჩემის ბიძაშვილი, ალვარო მელიან ლაფინური, რომელსაც მეც კარგად ვიცნობდი, აგრეთვე პოეტი გახლდათ და მოგვიანებით არგენტინის ლიტერატურის აკადემიის წევრადაც აირჩიეს. მამაჩემის ბაბუა დედის მხრიდან, ედუარდ იანგ ჰეიზლემი, არგენტინაში ერთ-ერთი პირველი ინგლისური გაზეთის (”სამხრეთის ჯვარი”) გამომცემელი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა თუ ლიტერატურის (კარგად არ მახსოვს, რომლის) დოქტორი იყო. ოქსფორდსა და კემბრიჯზე ხელი არ მიუწვდებოდა, ამიტომაც მიაშურა გერმანიას. როგორც ამბობენ, მთელი კურსი ლათინურ ენაზე გაიარა და იქვე მიენიჭა ეს ხარისხი. საბრალო, თუ არ ვცდები, პარანაში გარდაიცვალა. თავად მამაჩემს დაწერილი აქვს რომანი "კაუდილიო”, ენტრე-რიოსის პროვინციის ისტორიის ამსახველი, რომელიც 1921 წელს გამოაქვეყნა კუნძულ მაიორკაზე. აგრეთვე დაწერა (და გაანადგურა) ნარკვევების წიგნი, ასეთივე ბედი არგუნა აღმოსავლურ მოთხრობათა კრებულს, "ათას ერთი ღამის” სტილში შექმნილ არცთუ ურიგო ნაწარმოებს. გარდა ამისა, დაწერილი აქვს დრამა "გზა არსაითკენ”, შვილზე გულაყრილი კაცის ტრაგედიას რომ ასახავს, არგენტინელი პოეტის ენრიკე ბანჩსის მიბაძვით გალექსილი სონეტები. ბავშვი ვიყავი, მამაჩემი როცა დაბრმავდა; ჩვენი ოჯახი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მისი გზა მე უნდა გამეგრძელებინა. მსგავსი რწმენა კი, უბრალო სურვილსა თუ ოცნებაზე გაცილებით ძლიერია. სხვა გზა არ მქონდა: მწერლობას ვერსად გავექცეოდი!

* * *

1937 წელს პირველად მოვეწყვე ე.წ. "მუდმივ სამსახურში”. იქამდე უმნიშვნელო ლიტერატურულ მოღვაწეობას ვეწეოდი: ვთანამშრომლობდი ჟურნალ "კრიტიკის” რაღაც გასართობ, უგემოვნოდ ილუსტრირებულ დამატებაში; პოპულარულ ყოველკვირეულ გამოცემას, რომელსაც რატომღაც "კერა” ეწოდებოდა, თვეში ორჯერ ვამარაგებდი უცხოურ წიგნებზე დაწერილი რამდენიმეგვერდიანი რეცენზიებით და ამ წიგნების ავტორთა ბიოგრაფიებით; გარდა ამისა, ვწერდი ტექსტებს სხვადასხვა ქრონიკებისთვის და გამოვცემდი ფსევდომეცნიერულ ჟურნალს "ქალაქი”, ბუენოს-აირესის კერძო მეტროპოლიტენის სარეკლამო ორგანო რომ იყო ფაქტიურად. ამ ყველაფერში ძალიან ცოტას მიხდიდნენ, მე კი, უკვე იმ ასაკში გახლდით, კარგა ხნის წინ რომ უნდა დამეწყო წვლილის შეტანა საოჯახო ბიუჯეტში. შემდეგ მეგობრები დამეხმარნენ და მიგელ კანეს ბიბლიოთეკის ფილიალში მომაწყვეს პირველი თანაშემწის მოკრძალებულ თანამდებობაზე. ბიბლიოთეკა ძალიან შორს იყო ჩემი სახლიდან, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ერთობ უღიმღამოსა და მოქუფრულში. იმ სამსახურში ჩემსაზე დაბალი თანამდებობებიც არსებობდა, მაგალითად, მეორე და მესამე თანაშემწისა, პირადად მე კი დირექტორს და მის სამ მოადგილეს ვემორჩილებოდი. ჯერ თვეში ორას ათ პესოს მიხდიდნენ, მერე ორას ორმოცი დამინიშნეს. უნდა გითხრათ, რომ ზემოაღნიშნულ თანხებს სამოცდაათი-ოთხმოცი ამერიკული დოლარი შეესაბამება.
ბიბლიოთეკაში ძალიან ცოტას ვმუშაობდით. ორმოცდაათი თანამშრომელი თხუთმეტიოდე კაცის საქმეს ვინაწილებდით. ოც ადამიანს საბიბლიოთეკო ფონდის კლასიფიკაცია და კატალოგების შედგენა გვევალებოდა. ბიბლიოთეკას იმდენად ცოტა წიგნები ჰქონდა, იოლად ვახერხებდით მათ მიგნებას და არასოდეს მიგვიმართავს იმ გულდასმით შემუშავებული სისტემისათვის, ურომლისოდაც, წესით, ფონს ვერ უნდა გავსულიყავით. პირველ დღეს თავი გამოვიდე და შესაშური გულმოდგინებით ვიმუშავე, მეორე დღეს კი ერთმა კოლეგამ განზე გამიხმო და შემარცხვინა, თქვენი ასეთი სიბეჯითით ორმოს გვითხრითო. თურმე ნუ იტყვით, კატალოგიზაცია მხოლოდ იმიტომ წამოუწყიათ, ხალხისთვის საქმე რომ გაეჩინათ, მე კი ჩემი კეთილსინდისიერი მუშაობით ლუკმა-პურს ვაცლიდი ხელიდან ადამიანებს. იმწამსვე პატიოსნად ვაღიარე, რომ სავალდებულო ასი დასახელების კლასიფიკაციის ნაცვლად, ოთხასიოდეს გავართვი თავი. თქვენ თუ ასე გააგრძელებთ, დირექტორი ძალიან გაბრაზდება და ჩვენც უფუნქციოდ დავრჩებითო, შემომჩივლეს კოლეგებმა. ბოლოს შევთანხმდით, რომ ერთ დღეს ოთხმოცდასამ წიგნს დავამუშავებდი, იმის მომდევნოს - ოთხმოცდაათს, მესამე დღეს კი ას ოთხი წიგნის დამუშავების უფლება მეძლეოდა.
ცხრა წელი გავლიე ამ ყოფაში, მძიმე და გაუხარელი წლები… იქ მამაკაცებს ძირითადად დოღი, ფეხბურთი და უხამსი ისტორიები აინტერესებდათ. ჩემი იქ მუშაობის პერიოდში ერთ ქალზე ძალაც კი იხმარეს, როცა ის ტუალეტისკენ მიდიოდა. მაგრამ ეს არავის გაკვირვებია, ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ქალებისა და მამაკაცების ტუალეტები ამ შენობაში ერთმანეთის გვერდითააო განთავსებული, გაიძახოდნენ. ერთხელაც ორმა დარბაისელმა და კეთილმოსურნე ქალბატონმა მომინახულა, აინტერესებდათ რა სახის სამუშაოს ვასრულებდი ბიბლიოთეკაში. ორიოდე დღის შემდეგ დამირეკეს ამ მანდილოსნებმა და ისეთი რამ მითხრეს, რაც არასდროს დამავიწყდება: "თქვენ, შესაძლოა, მოგწონდეთ კიდეც ეგ სამუშაო, მაგრამ გავბედავთ და პირობას ჩამოგართმევთ, რომ ერთ თვეში სხვა სამსახურს მოიძიებთ, სადაც ცხრაას პესოს მაინც გადაგიხდიან”. პატიოსანი სიტყვა მივეცი, რომ სურვილს უთუოდ შევუსრულებდი. მთელი ამ სიტუაციის კომიკურობა იმაში გახლდათ, რომ იმ ხანებში საკმაოდ ცნობილ მწერლად ვიყავი მიჩნეული, ჩემს კოლეგებს კი ჯერ არაფერი სმენოდათ ამის შესახებ. მახსენდება, როგორ გაოცდა ბიბლიოთეკის ერთი თანამშრომელი, როდესაც ენციკლოპედიაში ვინმე ხორხე ლუის ბორხესს გადააწყდა, რა უცნაურად ემთხვევა თქვენი და ამ კაცის სახელები და დაბადების თარიღებიო. დროდადრო, მთელი ამ წლების განმავლობაში მუნიციპალურ მუშაკებს მატეს ორფუნტიანი კოლოფით გვაჯილდოვებდნენ და ნებას გვრთავდნენ, ეს სიმდიდრე სახლში წაგვეღო. ასეთ დღეებში, საღამოობით, როცა ფეხით გავდიოდი ათიოდე კვარტალს ტრამვაის გაჩერებამდე, ძალიან მიჭირდა ცრემლების შეკავება: ეს სამარცხვინო მოწყალება ხაზს უსვამდა ჩემი არსებობის უბადრუკობასა და ამაოებას.
თითქმის ყოველდღე, ტრამვაიში, გზად სამსახურისკენ თუ შინისაკენ, საათობით ჩავკირკიტებდი "ღვთაებრივ კომედიას”. "სალხინებლის” უკეთ გასაგებად ჯონ ეიტკენ კარლეილის პროზაულ თარგმანს მივმართავდი, დანარჩენს თავად ვუმკლავდებოდი, სამსახურში კი "საბიბლიოთეკო სამუშაოს” დილით ერთ საათს ვანდომებდი, შემდეგ სარდაფში, ანუ წიგნსაცავში ვიძურწებოდი და დარჩენილ ხუთ საათს წერა-კითხვაში ვატარებდი. ასე წავიკითხე ედუარდ გიბონის "ნგრევა და დაცემა”, ვისენტ ფიდელ ლოპესის მრავალტომეული - "არგენტინის რესპუბლიკის ისტორია”, ლეონ ბლუა, კლოდელი, გრუსაკი და ბერნარდ შოუ, შაბათ-კვირას კი ვირჯინია ვულფს და ფოლკნერს ვთარგმნიდი. ერთ მშვენიერ დღეს თავბრუდამხვევ ზეასვლასაც მივაღწიე, მესამე მოადგილედ გადამიყვანეს.
ერთხელ დედამ სამსახურში დამირეკა და შინ მისვლა მთხოვა. მეც სასწრაფოდ დავეთხოვე უფროსობას. მამაჩემს აგონია დასწყებოდა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დამიხვდა სახლში მიჭრილს. მამა 1938 წელს გარდაიცვალა და იმავე წლის შობის წინა დღეს თავად მეც ძლივს გადავურჩი სიკვდილს: კიბეზე სწრაფად ავდიოდი, უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაცამ სკალპი ამხადა… ფანჯრის ახლად შეღებილ საგდულს მივჯახებივარ თავით. პირველადი დახმარება კი აღმომიჩინეს, მაგრამ ჭრილობა გამიავდა და მთელი კვირა არ მომიხუჭავს თვალი, მაღალმა სიცხემ და ჰალუცინაციებმა გამაწამა. ერთ საღამოსაც ენა წამერთვა. მაშინვე საავადმყოფოში გამაქანეს, იქ კი გამოირკვა, რომ საოპერაციო ვიყავი. მალე სისხლის მოწამვლა დამეწყო, მთელი თვე ვებრძოდი სიკვდილს (მოგვიანებით ეს ყველაფერი დაწვრილებით აღვწერე მოთხრობაში "სამხრეთი”).
ნანახია: 1599 | დაამატა: KAXA
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]